სტუ-ს პროფესორი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, მიმდინარეობს გამოძიება

პუბლიკა

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ გელაშვილი 20 სექტემბერს მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.

ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-მ დაუდასტურა. უწყებისვე ცნობით, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 40 დღის წინ უნივერსიტეტის პროფესორთან ერთი დღის განმავლობაში დაკავშირება ვერ ხდებოდა. ის მოგვიანებით რუსთავში, ქვემო ქართლში მძიმე მოტეხილობებით იპოვეს.

რექტორის ინფორმაციით, ოთარ გელაშვილს ოპერაცია თავდაპირველად რუსთავში გაუკეთდა, ხოლო მოგვიანებით საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ოთარ გელაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის პოზიციას იკავებდა.