Success Bar დახურვის საფრთხის წინაშეა

მინდია გაბაძე

„თბილისში ერთადერთი ქვიარ ბარი, უამრავი ადამიანის თავშესაფარი – Success Bar –, მეიჯარესთან არსებული ფინანსური ვალდებულებების გამო, პირველი ივლისიდან შესაძლოა დაიხუროს და ათობით ადამიანი დარჩეს სამსახურისა და ყოველგვარი შემოსავლის გაერეშე”, – წერდა facebook-ზე ნაჯა ორაშვილი, BASSIANI/HOROOM / SPACEHALL წარმომადგენელი.

Success bar ერთ-ერთია იმ ბარებიდან, რომელთაც კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, პრობლემა შეექმნა. პანდემიის გამო, არაერთმა სხვა დაწესებულებამაც შეაჩერა მუშაობა.

Success bar და მისი ისტორია

„1​9-წლიანი ისტორიის მქონე​ success bar,​ ერთადერთი ღიად აღიარებული ქვიარ ბარია თბილისში, რომელსაც ​3 წლის წინ ახალგაზრდა ფოტოგრაფმა, ნია გვათუამ, თავიდან მისცა სიცოცხლე. ერთ დროს ჩაბნელებული და მივიწყებული სივრცე ახლა ქვიარ ადამიანების, მეგობრებისა და მხარდამჭერების მთავარი სოციალიზაციის ადგილია. გარდა ამისა, success bar და მის გარშემო გაერთიანებული არტისტები უდიდეს როლს თამაშობენ საქართველოში ახალი დრეგ კულტურის ჩამოყალიბებაში, რაც ქვიარ ადამიანების თავისუფალი თვითგამოხატვისა და პროტესტის საშუალებაა. Success-ში დასაქმებულები არიან ქვიარ ადამიანები, რომელთათვისაც სხვა სამუშაო სივრცეების კარი წლების განმავლობაში დახურული იყო. ამ ადამიანთა უმეტესობა, უმუშევრობის გამო, ახლა ყოფნა-არყოფნის წინაშე დგას, ემუქრებათ უსახლკაროდ დარჩენა და გადარჩენისთვის იბრძვიან”, – გვესაუბრება ნაჯა ორაშვილი.

რაც შეეხება Success Bar​-ის მეიჯარესთან არსებული ფინანსური ვალდებულებებს, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ Success Bar თანხას ვერ გადაიხდის, 1 ივლისიდან ფართის დატოვება მოუწევს.

როგორც ნაჯა ამბობს, მსგავსი პრობლემის წინაშე დგას საქართველოში არსებულ სხვა სივრცეებიც.

„მეიჯარეებთან შექმნილი პრობლემები, პანდემიამდე არსებული ფინანსური ვალდებულებები, 15 მარტს ანგარიშებზე განხორციელებული ინკასო, მიმდინარე ეკონომიკური ფონი, COVID 19-თან დაკავშირებული არარელევანტური რეკომენდაციები – ეს ის გამოწვევებია, რომელიც ყველას აერთიანებს. კიდევ ერთხელ ვამბობ საქმე ეხება ადამიანებს, მათ ყოფას და მომავალს“, – აღნიშნა ნაჯა ორაშვილმა.

მისი თქმით, არსებული სოციოეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, ზრუნვის სახელით სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე მკაცრი სადამსჯელო მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია.

„საქმე ეხება ათასობით დასაქმებული ადამიანის ბედს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გადადგმული ქმედებების გამო კარგავენ სამსახურს, ხოლო არსებული ჯარიმები კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის მათ ყოფას. ​არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სივრცეებს აქვთ უზარმაზარი ​ტურისტული პოტენციალი“, – აღნიშნა ნაჯამ.

ორაშვილი აღნიშნავს, რომ პასუხისმგებელმა პირებმა, გულგრილობისა და სადამსჯელო მიდგომის ნაცვლად უნდა გაატაროს ზრუნვაზე დაფუძნებული ხელშესახები პოლიტიკა, უნდა შეიმუშაონ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მსგავს გამოწვევებს აღმოფხვრის.

სოციალურ ქსელში Success bar-ის მხარდასაჭერად დონაციის ბმულიც ვრცელდება;