„სუფთა ჰაერისთვის“, – აქტივისტი რუსთავის მერიასთან შიმშილობს და ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

მინდია გაბაძე

„გამომდინარე იქიდან, რომ 18 ივლისი რუსთავის და არამარტო რუსთავის ეკოლოგიურ ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღია, ჩვენ ვთვლით საჭიროდ, რომ რუსთავში, მთავარ მოედანზე, მერიის წინ გამოვიდეს იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე აქ ოდესმე შეკრებილა. ზუსტად ამის და არანაირი რადიკალიზმისკენ მიმართული მიზნების გამო,  გამოვედი გუშინ და დავაანონსე, რომ ვიწყებ შიმშილობას“, – ამბობს რუსთაველი აქტივისტი დათა ცინცაძე „პუბლიკასთან“ საუბარში.

როგორც ცინცაძე აღნიშნავს, შიმშილობის დაწყების მთავარი მიზანია კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის სიმწვავის ხაზგასმა. მისივე თქმით, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს რუსთავში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ და მეტი ინტერესი და ძალისხმევა მიმართონ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

„საზოგადოებას ვხვდებოდით და ვესაუბრებოდით [პრობლემის შესახებ] და შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ უბრალოდ არ იციან, რამდენად მძაფრია ეს ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც რუსთავში გვაქვს. ამიტომ მგონია, რომ ჩემი ეს ნაბიჯი დაეხმარება ბევრ ადამიანს, გაიაზროს საკითხი სრულად“, – ამბობს რუსთაველი აქტივისტი.

დათა ცინცაძე ამბობს, რომ რუსთავში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომელიც, ძირითადად, ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. როგორც ცინცაძე აღნიშნავს, საქმე გვაქვს ეკოლოგიურ კატასტროფასთან.

„რუსთავი ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 365 დღის განმავლობაში 77% გვქონდა ძალიან ცუდი ან ცუდი ჰაერი, რაც, ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანისთვის საკმარისი უნდა იყოს, რომ გაიაზროს, რა გარემოში უწევს ცხოვრება, რა გარემოში ზრდიან თავიანთ შვილებს. ყველა ამ ჰაერს ვსუნთქავთ და ყველას ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს ამას“, – ამბობს დათა ცინცაძე.

ადგილობრივი აქტივისტის თქმით, 18 ივლისს რუსთავში დაგეგმილი აქციის – „სუფთა ჰაერისთვის“ – მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ შესრულდეს დაპირება და კანონპროექტები, რომელზეც ეკოლოგიურმა ჯგუფმა – „გავიგუდე“ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად იმუშავა, შესრულდეს დაპირებულ ვადებში.

„მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მზად ვართ უფრო ღრმად და აქტიურ დიალოგში შევიდეთ მათთან. ძალიან ბევრი სამუშაოა და არ გვყოფნის ჩვენი რესურსი ამ ყველაფერში და ამიტომ გვჭირდება, რომ აქციაზე მოვიდეს ძალიან ბევრი ადამიანი. ვითხოვთ ყოველთვის და ვაჟღერებთ, რომ გვჭირდება ადამიანების დახმარება, რომ მეტი ადამიანის ჩართულობით უფრო მალე მოგვარდეს ეს პრობლემა“, – აღნიშნავს ცინცაძე.

აქციის კიდევ ერთი მესიჯი, რასაც დათა ცინცაძე უსვამს ხაზს, არის ის, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან, რუსთავის პრობლემა გადაჭრან დიალოგის გზით, დაპირისპირების გარეშე.

„მოვუწოდებთ მთავრობის წევრებს, გარემოს დაცვის სამინისტროს, პარლამენტს, ყველას, ვისი პასუხისმგებლობაც კი არის ეს, რომ ერთად მივდიოთ ამ საქმეს, ერთად გადავწყვიტოთ და ერთად ვიზრუნოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე“, – აცხადებს დათა ცინცაძე.