სულაკაურის დირექტორი: კიდევ ერთი რუსული კანონის და ცენზურის დაანონსებაა ეს ყველაფერი

პუბლიკა

„კიდევ ერთი რუსული კანონის დაანონსებაა ეს ყველაფერი და ცენზურის”, – ასე პასუხობს „ფორმულასთან“ ინტერვიუში სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას.

თინა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა იყოს ლიტერატურაში ცენზურის დაანონსება. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია მწერლებმა და გამომცემლებმა თავისუფალ სიტყვას დაუჭირონ მხარი.

„გაუგებარი იყო ჩვენთვის რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი მაშინ, როცა წიგნები აღარ არის გაყიდვაში თან რამდენიმე წელია და უცებ ვხედავთ, რომ რაღაც ტალღა აგორდა. ბოლოს როდესაც უკვე დავიწყეთ ფიქრი და რა განცხადებებს მოჰყვა ეს ვვარაუდობთ, რომ სწორედ კიდევ ერთი რუსული კანონის დაანონსებაა ეს ყველაფერი და ცენზურის, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის, გამოცემის, გამოქვეყნების შეზღუდვის დაანონსებაა. ასე რომ, მგონია ძალიან საგანგაშო ტენდენციასთან გვაქვს საქმე“, – ამბობს თინა მამულაშვილი.

დღეს „სულაკაურის“ გამომცემლობას მხარდაჭერა გამოუცხადეს მწერალთა სახლმა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ.


27 ივნისს, სულაკაურის გამომცემლობას რამდენიმე ქალი „დედების სახელით“ მიუვარდა და თანამშრომლები „ლგბტ პროპაგანდაში” დაადანაშაულა.

30 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულაკაურის გამომცემლობა ე.წ ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, როდესაც ბავშვებში „ლგბტ პროპაგანდაზე“ გამოთქვამდა შეშფოთებას და ამის საილუსტრაციოდ „მაკდონალდსი“ და სულაკაურის გამომცემლობა დაასახელა.

„ქართულმა ოცნებამ“ პროპაგანდა ააგო შარლ პეროს მე-17 საუკუნის ერთ-ერთ ზღაპარზე, რომელიც გამომცემლობამ, დაახლოებით, 10 წლის წინ თარგმნა და დღეს გაყიდვაშიც აღარ არის, რადგან სრულად ამოყიდულია.

„მიუღებელია ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები, სულაკაურის გამომცემლობაში იყო ასევე, ვფიქრობ, საგანგაშო ფაქტი, ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი“, – თქვა ღარიბაშვილმა.