პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა ოპოზიციის ინიციატივას, რომ პარლამენტმა მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი და NATO-ში გაწევრების რეზოლუციები.
სამხარაძის ინფორმაციით, NATO-ს რეზოლუციის პროექტი უკვე მზადდება და მალე მას პარლამენტში დააინიცირებენ. უმრავლესობა იზიარებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სულისკვეთებასაც. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საჭიროა ფრაქციებს შორის კონსულტაციები რეზოლუციის ფორმირებისთვის.
„ორ რეზოლუციაზე იყო აქ საუბარი. ერთი ეს არის NATO-ს რეზოლუცია, რომელზეც ვმუშაობთ. მისი ახალი პროექტი დაეგზავნა ყველა ფრაქციას. ამ რეზოლუციის სულისკვეთებაზე ვთანხმდებით. ქალბატონმა თეონა აქუბარდიამ კომენტარებიც წარმოადგინა, რომელთა დიდი ნაწილი შეგვიძლია, მივიღოთ.
ხვალ მივემგზავრებით ბრიუსელში. NATO-ში გვაქვს შეხვედრები და გვინდა, კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს NATO-ელ პარტნიორებთან და ამ რეზოლუციას თქვენი, ყველას მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ.
რაც შეეხება უკრაინის რეზოლუციას, ამაზეც მივესალმებით სულისკვეთებას, უბრალოდ, საჭირო იქნება დასხდომა და გავლა, რა ფორმით გვინდა რეზოლუციის მიღება. რა თქმა უნდა, ეს ფრაქციებს შორის კონსულტაციის საკითხი უნდა იყოს და ჯობია, ფრაქციებმა მოილაპარაკონ ამაზე“, – განაცხადა სამხარაძემ.
დღეს, 24 იანვარს საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში ერთობლივი განცხადება გააკეთა და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ინიციატივა წარადგინა:
- „საპარლამენტო ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთობლივად მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო რეზოლუცია, სტრატეგიული მეგობრის და პარტნიორის მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი, მრავალპარტიული მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვის მიზნით.
- საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება.
- მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით.
- მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით.
- საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე.
- მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად“, – ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.