რეზოლუციები, ვიზიტი კიევში, მინისტრების მოსმენა - უკრაინის საკითხზე ოპოზიცია „ოცნებას“ თანამშრომლობას სთავაზობს

პუბლიკა

პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციამ მუშაობა დაასრულა.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა ერთობლივად შეძლოს რეზოლუციის პროექტის ინიცირება და მომავალ სასესიო კვირაში ამ რეზოლუციის მხარდაჭერა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის, მოვითხოვთ „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციას იმისთვის, რომ აუცილებელია, ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში და გვაქვს კონკრეტული ზომები და ინიციატივები, რაც შეიძლება საპარლამენტო დონეზე გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოს მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის  მიმართ რუსეთის განახლებული აგრესია სერიოზული საფრთხე და გამოწვევაა რეგიონული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური მიმართულებით.

„ეს არის საკითხი, რომელზეც სახელმწიფომ, მათ შორის, პარლამენტმა ერთობლივი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

გვაქვს ინიციატივა საპარლამენტო ოპოზიციას, უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო კომიტეტთან. საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტებზე მობრძანდნენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელსაც  უკრაინის კონტექსტში საქართველოს მიმართ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხისშემცველ აგრესიულ ქმედებებს გულისხმობს და ასევე მნიშვნელოვანია, ეს იყოს სერიოზული საქმიანი საუბარი.

გარდა ამისა, პარლამენტში არსებობს უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებული არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. აუცილებელია, ასევე დაიწყოს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის წევრებმა განვახორციელოთ ერთობლივი ვიზიტი კიევში, რაც იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ფრაქცია „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ახლა ის ვითარებაა, როცა პოლიტიკური ხაზების გავლების სივრცე არ არსებობს და ოპოზიციას და უმრავლესობას ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მისი შეფასებით, რეგიონი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომ მნიშვნელოვანია, პარლამენტის კომიტეტებმა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის შეთანხმებისა გარდა, შეიმუშაოს საქართველოს NATO-ში გაწევრების რეზოლუციის ტექსტიც.

„როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, ეს რეზოლუციები უნდა გახდეს პირველი, რომელსაც მიიღებს საქართველოს პარლამენტი. ეს იქნება ძალიან ნათელი გზავნილი ყველასთვის, როგორც დასავლელი პარტნიორების, ასევე რუსეთისთვის, რომ საქართველო და უკრაინია არ აპირებენ დათმობაზე წასვლას და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით სწორედ ამას მოითხოვს დღეს ჩვენგანაც და ჩვენ უკრაინელ მეგობრებთან ერთადაც, რომ ნათელი გავხადოთ ყველასთვის ჩვენი არჩევანი – გავხდეთ თავისუფალი სამყაროს წევრი, გავხდეთ NATO-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც იქნებიან დაცულნი და ჩვენს სახელმწიფოებრიობას აღარასოდეს აღარანაირი საფრთხე არ დაემუქრება, რომ ეს ისტორიული არჩევანი ქართველი და უკრაინელი ხალხების მიერ აღარ გადაიხედება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილმა მოუწოდა მმართველ გუნდს, უახლოეს დღეებში დაიწყოს კონსულტაციები რეზოლუციის ტექსტზე და მოიწვიონ კომიტეტის სხდომა.

სალომე სამადაშვილის თქმით, გაუგებარია, დღემდე რატომ არ მოიწვიეს უშიშროების საბჭოს სხდომა, როცა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევაა შექმნილი. ოპოზიცია მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მიმდინარე კვირაში მოიწვიოს საბჭოს გაფართოებული სხდომა და მიიწვიოს ოპოზიციის წარმომადგენლებიც.