დასაქმებულთა 30,4% მიიჩნევს, რომ შრომის უსაფრთხოება სუპერმარკეტში დაცული არაა – კვლევა

პუბლიკა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების 2019 წლის კვლევის „შრომითი უფლებების აღსრულება ტექსტილისა და ვაჭრობის სფეროებში“ მიხედვით, სუპერმარკეტებში დასაქმებულთა 30,4% მიიჩნევს, რომ შრომის უსაფრთხოება მის სამუშაო ადგილზე დაცული არაა ან, თუ არის, მხოლოდ ნაწილობრივ.

ასევე, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათებისთვის სუპერმარკეტში დასაქმებულთა 80,7%-ს არ უნაზღაურებენ, ხოლო, ვისაც აძლევენ, ისეთივე ტარიფით, როგორც ნორმირებული დროის საათებში.

„გამოკითხულთა უმეტესობა ვერ იღებს დამატებით ანაზღაურებას ვერც სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის“, – ნათქვამია კვლევაში.

ანგარიშის მიხედვით, სუპერმარკეტში დასაქმებულთა ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 437 ლარს შეადგენს და 66,3%-ს არ აქვს შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლარი.

სუპერმარკეტში დასაქმებულთა გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ, საშუალოდ, მათი ნამუშევარი საათების რაოდენობა დღეში 10,8 საათს შეადგენს, ხოლო კვირის განმავლობაში  – 54,4 საათს. მაშინ, როცა , პროფკავშირების მიხედვით, დღიური სამუშაო განაკვეთი 8-საათიანი, კვირაში კი 40-საათიანი უნდა იყოს. კვლევაში ნათქვამია, რომ დასაქმებულთათვის ზეგანაკვეთური შრომის დაწესებაში სუპერმარკეტებს კანონმდებლობაც უწყობს ხელს.

„შრომის კოდექსი განსაზღვრავს 40-საათიან სამუშაო კვირას, თუმცა სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებში უშვებს 48 საათიან გრაფიკს. აღნიშნული ბუნდოვანი ჩანაწერი ქმნის გაურკვევლობას როგორც დასაქმებულებში, ისე დამსაქმებლებში. ხშირად კი დამსაქმებლები ბოროტად იყენებენ ამ ჩანაწერს და დასაქმებულებს ამუშავებენ კვირაში 48 საათის განმავლობაში ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე“, – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

ამასთან ერთად, როგორც პროფკავშირების კვლევაშია აღნიშნული, სუპერმარკეტების ქსელში გრაფიკი მრავალფეროვანია, ხშირია არასრულ განაკვეთზე დასაქმება.

ხანგრძლივი სამუშაო დღისა და მცირე ხელფასის მიუხედავად, როგორც კვლევაშია ნათქვამი, დასაქმებულთა 79,5%-ს ძირითად სამუშაოსთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევს.

კვლევის მიხედვით, სუპერმარკეტებში დასაქმებულებს შვებულების აღებაც უჭირთ. სუპერმარკეტებში გამოკითხულთა მხოლოდ 16,9% ამბობს, რომ სარგებლობს შვებულებით.

„20,5% ამბობს, რომ შვებულების აღება შეუქმნის პრობლემებს სამსახურში, ხოლო 28,9% ამბობს, რომ შვებულება ჯერ არ ეკუთვნის. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ სუპერმარკეტების ქსელში განსაკუთრებით მაღალია კადრების დენადობა და დასაქმებულთა 28,9% დაკავებულ პოზიციაზე მუშაობს არაუმეტეს 11 თვისა“, – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

ასევე, სუპერმარკეტებში მომუშავეთა 38,7% ამბობს, რომ საავადმყოფო ფურცლით (ბიულეტენი) სარგებლობისას  ანაზღაურება ვერ მიიღო.

კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ შრომით ურთიერთობებში არსებული პრობლემები ხშირად კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმის არარსებობითაა გამოწვეული და შრომის ინსპექცია ნაკლებად ქმედითია.

„სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო, დასაქმებულები ხშირად დაუცველნი რჩებიან. მათ დაცვას ართულებს ისიც, რომ სამსახურის დაკარგვის შიშით ისინი თითქმის არასოდეს მიმართავენ სასამართლოს. სასამართლოსთვის მიმართვა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა დამსაქმებელი უკანონოდ გაათავისუფლებს დასაქმებულს სამსახურიდან“, – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

კვლევის ავტორების თქმით, ყოველგვარი მიზეზის გარეშე გათავისუფლების მაჩვენებელი სუპერმარკეტებში 14,4%-ია.

2019 წელს მომზადებული კვლევის ანგარიშის მიხედვით, მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით. სუპერმარკეტების სექტორში დასაქმებულთაგან გამოკითხულია 230 რესპონდენტი.

კვლევა ასევე მოიცავდა ტექსტილის წარმოებასა და სავაჭრო ქსელებში დასაქმებულთა შრომის პირობების შესწავლას. საბოლოოდ, შერჩევის მოცულობა განისაზღვრა 700 რესპონდენტით. რაც, ავტორების თქმით, საშუალებას გვაძლევს რეპრეზენტაბელური მონაცემები მივიღოთ საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ფოთში, მცხეთაში, თელავში, გორში, რუსთავსა და ბათუმში არსებული მდგომარეობის შესახებ.