სურამში ცოლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

„მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს – თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა“, – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.