სუროგატის მშობიარობის და საკეისროს ხარჯებს სახელმწიფო აღარ აანაზღაურებს — დადგენილება

პუბლიკა

სახელმწიფო სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებას წყვეტს. გამოიცა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დადგენილება. დადგენილების მიხედვით, ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.

დადგენილება ძალაში პირველი მარტიდან შევიდა.

„პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები.“- წერია დოკუმენტში.


ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო ისეთი კანონპროექტის შემუშავება, რომელიც სუროგაციის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემდა.

მან 2023 წლის ივნისში თქვა, რომ მუშავდებოდა მსგავსი კანონპროექტი. ამავე კანონპროექტით, სუროგაციასთან დაკავშირებული რეკლამებიც უნდა აკრძალულიყო და კანონით უნდა დარეგულირებულიყო სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის თქმით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნებოდა.

აზარაშვილმა მაშინ თქვა, რომ სუროგატ დედას საშუალება ექნება მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“.

ცვლილებები კანონში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებულია.