საქართველოში სუროგაცია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ინიციატივას გამოთქვამს, რომ სუროგაციის რეგულირება გამკაცრდეს, რადგან, მისი თქმით, ეს საკითხი „საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს“ და უკავშირდება ქვეყნის იმიჯსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სუროგაციის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს.

„რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევქმენით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად, ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამასთან დაკავშირებით…

…ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილი არის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, და უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება.

ამას წინათ გვქონდა ჩვენ მთავრობის სხდომაზე მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ, ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს გაჰყავს, არსებობს ინფორმაცია, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა დარჩეთ სუროგაციით სარგებლობის უფლება, რადგან არის ბევრი მსურველი, ვისაც შვილი არ უჩნდება და ამ უფლებით სარგებლობა „დემოგრაფიასაც დაეხმარება“.

„ეს დაშვებული იქნება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბევრი არის მსურველი, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და, რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს“, – თქვა პრემიერმა.