სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების განცხადებას და აცხადებს, რომ ორგანიზაციების მხრიდან „ადგილი აქვს ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას ან არსებული ფაქტების დამახინჯებასა და არცოდნას“.
ორგანიზაციები მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ პრობლემებსა და მოქალაქეთა მზრუნველობაში მყოფი ცხოველების გაუჩინარების შემთხვევებზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ პრობლემის ჰუმანურად და ეფექტიანად მოსაგვარებლად აუცილებელია 5 კომპონენტის ერთდროულად ამოქმედება:
- მიუსაფარი ცხოველების დათვლა და CNVR მეთოდით (დაჭერა, ვაქცინაცია, სტერილიზაცია და პირვანდელ გარემოში დაბრუნებ) პროგრამის განხორციელება;
- პატრონიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლების შეზღუდვა;
- ცხოველების ქუჩაში მიტოვების მკაცრი კონტროლი;
- პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია;
- მოსახლეობისთვის სტერილიზაცია-კასტრაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება.
სურსათის ეროვნული სააგენტო კი ამტკიცებს, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა, „სწორედ იმ 5 კომპონენტის გათვალისწინებით დაიგეგმა და უკვე ხორციელდება, რომლებსაც ხსენებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, მოთხოვნის სახით დღეს აყენებენ“.
„პროგრამის შემუშავების პროცესში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური მოწვევით, ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული ექსპერტი, რომელსაც 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს ცხოველთა კეთილდღეობისა და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის სფეროში.
იგი არის ICAM-ის (International Companion Animal Management Coalition) მმართველი საბჭოს წევრი, FAO-სა და TAIEX-ის ექსპერტი, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს RSPCA-ის საერთაშორისო პროგრამებს ევროპისა და კავკასიის რეგიონში.
უფრო კონკრეტულად:
- პროგრამა საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაციებით დაიგეგმა და სწორედ CNVR მეთოდით (დაჭერა, სტერილიზაცია , ვაქცინაცია, და პირვანდელ გარემოში დაბრუნება) მიმდინარეობს.
- ძაღლების გამრავლების საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით. სურსათის ეროვნული სააგენტო, ძაღლების უკონტროლო გამრავლების პრევენციისთვის ახორციელებს: პატრონიანი ძაღლების (ძუ, ხვადი) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას; პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას (ჩიპირება); მიუსაფარი /მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ვაქცინაციას, სტერილიზაცია/კასტრაციას.
- ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი გამრავლების კონტროლი უზრუნველყოფს ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციას და იდენტიფიცირებული ცხოველის პატრონის პასუხისმგებლობას.
- პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში უკვე რეგისტრირებულნი არიან ამ მიმართულებით საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები და ცხოველების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს.
- ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ცხოველთა მოყვარულებთან, მიმკედლებლებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით იგეგმება. ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველი პირვანდელ არეალს უბრუნდება. შექმნილია შესაბამისი პლატფორმა, რომელზეც ინფორმაციები მუდმივ რეჟიმში ახლდება, მათ შორის, ქვეყნდება ძაღლების აყვანისა და ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა, განრიგი, თარიღი და ლოკაციები. ამასთან, ამავე პლატფორმაზე, ხელმისაწვდომია ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ტენდერების შესახებ.
შესაბამისად, ის ცრუ ბრალდებები და ფაქტების დამახინჯება, რომელიც ვრცელდება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს და რეალობას მოკლებულია“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების (Animal Project, Zero Strays Georgia, Peteasy, „ცუკა“ ფონდი, „საქმართალო ცხოველებისთვის”) განცხადებით, 2025 წლიდან მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და თბილისში სისტემატურად ავრცელებენ ინფორმაციას მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მიუსაფარი ცხოველების გაუჩინარების შესახებ. მათ შორის არიან უკვე სტერილიზებული, ვაქცინირებული, საჭდით მონიშნული, ჯანმრთელი და ადამიანებთან ადაპტირებული ცხოველები.
Animal Project-ის თანადამფუძნებლის, ნათია ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში მიუსაფარი ძაღლებისა და კატების რაოდენობის ზრდის მთავარი მიზეზი პატრონიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლება და მათი ქუჩაში მიტოვებაა.
მისი თქმით, პრობლემის ჰუმანურად და ეფექტიანად მოსაგვარებლად აუცილებელია ხუთი კომპონენტის ერთდროულად ამოქმედება:
- მიუსაფარი ცხოველების დათვლა და CNVR მეთოდით (დაჭერა, ვაქცინაცია, სტერილიზაცია და პირვანდელ გარემოში დაბრუნებ) პროგრამის განხორციელება;
- პატრონიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლების შეზღუდვა;
- ცხოველების ქუჩაში მიტოვების მკაცრი კონტროლი;
- პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია;
- მოსახლეობისთვის სტერილიზაცია-კასტრაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება.
როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ აღირიცხება ცხოველის სტერილიზაციისა და ვაქცინაციის თარიღი, მიმკედლებლის ინფორმაცია, აყვანისა და დაბრუნების ზუსტი ადგილები. შესაბამისად, მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა გადაამოწმონ, სად გადაიყვანეს ცხოველი და დაბრუნდა თუ არა ის კანონითა და პროგრამის პირობებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე.
როგორც Animal Project-ის წარმომადგენლმა, მარიამ ცერცვაძემ განმარტა, 2026 წლის აპრილში, აქტივისტების პროტესტის შემდეგ, შესაბამის რეგულაციებში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ ცხოველი აყვანის ადგილზე უნდა დაბრუნდეს, ხოლო უკვე სტერილიზებული ცხოველის ვაქცინაცია ადგილზე უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, მისი განცხადებით, მიუსაფრების გაუჩინარების შემთხვევები კვლავ გრძელდება როგორც რეგიონებში, ისე თბილისში.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მოთხოვნებია:
- ყველა საეჭვო გაუჩინარების შემთხვევაზე დაიწყოს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, ხოლო შესაძლო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცნენ;
- სრულად გაიცეს კანონით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ცხოველების აყვანის, მკურნალობის, სტერილიზაციის, ვაქცინაციის, გარდაცვალებისა და დაბრუნების შესახებ მონაცემები;
- მოქალაქეებსა და უფლებამოსილ დამკვირვებლებს მიეცეთ თავშესაფრებში ვიზიტისა და პირობების შემოწმების შესაძლებლობა;
- შეიქმნას და რეალურად ამოქმედდეს ცხოველთა ერთიანი, გამჭვირვალე ელექტრონული ბაზა, სადაც თითოეული ცხოველის საჭდის ან მიკროჩიპის ნომრით შესაძლებელი იქნება მისი ისტორიის გადამოწმება;
- გადაყვანილი ცხოველი დაბრუნდეს იმ ტერიტორიაზე, საიდანაც აიყვანეს;
- შესყიდვებისა და ტენდერების შესახებ გამოქვეყნდეს სრული ინფორმაცია, მათ შორის კომპანიების გამოცდილება, ვეტერინარული პერსონალის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს შედეგები.