სურსათის სააგენტომ ჯანმრთელობისთვის საშიში 936 ფაქტიდან მხოლოდ 288 გაასაჯაროვა - აუდიტი

პუბლიკა

საქართველოს აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019-2020 წლებში აღმოჩენილი დარღვევები და მათი გასაჯაროების შემთხვევები.

გაირკვა, რომ სააგენტომ (სურსათის სააგენტო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ-ა) 2019-2020 წლებში ნიმუშების აღების შედეგად 991 დარღვევა  გამოავლინა, საიდანაც 936 შემთხვევაში დადასტურდა რომ დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის სტანდარტი. (დანარჩენ შემთხვევებში კი ხარისხის სტანდარტი იყო დარღვეული, თუმცა ამგვარი შემთხვევები გასაჯაროების ვალდებულება სააგენტოს არ აქვს).

უვნებლობის სტანდარტთან შეუსაბამობის 900-ზე მეტი შემთხვევიდან სააგენტომ მხოლოდ  288 შემთხვევა გაასაჯაროვა, და ეს ჯამური პრინციპით 28 – ჯერ გააკეთა.

ამასთანავე, ამ შემთხვევებშიც, სააგენტო ზოგჯერ მოსახლეობას დროულად არ აფრთხილებდა,  მაგალითად  კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით პროდუქციის ლაბორატორიული კვლევების ოქმები 2019 წლის 30 ოქტომბრით თარიღდება, მაშინ როდესაც მედიასაშუალებების მიერ ინფორმაცია გავრცელდა 7 დღის შემდეგ − 2019 წლის 6 ნოემბერს.

აგრეთვე, ხშირად გამოქვეყნებულ მასალებშიც არ იდენტიფიცირდება პროდუქტების რომელ პარტიებზეა საუბარი და რა არეალებშია აღმოჩენილი ჯანმრთელობისთვის საშიში სურსათი.

„მომხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის, სურსათის უვნებლობის დარღვევების იდენტიფიცირებასთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხია სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან დარღვევების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება იმ შემთხვევებში, თუ დადასტურდება, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნეა” – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

უწყების განცხადებით, სურსათის მავნებლობის ზოგადი შეფასების გარდა, სურსათის უვნებლობის დასადგენად გასათვალისწინებელია სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მყისიერი გავლენა, არამედ შესაძლო ტოქსიკური კუმულაციური ეფექტი მომხმარებელზე, რაც ნიშნავს სამკურნალო ან ტოქსიკურ ნივთიერებათა დაგროვებას ორგანიზმში მათი ხანგრძლივად მოხმარების გამო და ამ დაგროვების შედეგად ნივთიერების მოქმედების გაძლიერებას დროის გარკვეულ პერიოდში.