სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თბილისში 2 კგ ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავეს.
როგორც სუსში აცხადებენ, ისინი თბილისში გეგმავდნენ ურანის შეძენას 400 000 დოლარად და შემდეგ მის ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის გავლით. ერთ-ერთმა მოქალაქემ თბილისში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და დაიწყო რადიოაქტიური ნივთიერების მოძიება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში 2 კგ ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის 3 მოქალაქე. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.
დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურდ დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები.
უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციის შედეგად, მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.” – განაცხადეს სუს-ის ბრიფინგზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.