სუს-ის ანგარიშები გაცხადებულად არ ასახელებს რუსეთს, როგორც ამ დეზინფორმაციის წყაროს – პარლამენტის თემატური ჯგუფი

ვასკა მათითაიშვილი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის (2016-2018) ანგარიშებში თანმიმდევრულად ახსენებს დეზინფორმაციას, როგორც უცხო ქვეყნების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებულ ერთ-ერთ მეთოდს. მიუხედავად ამისა, ეს დოკუმენტები გაცხადებულად არ ასახელებენ რუსეთს, როგორც ამ დეზინფორმაციის წყაროს. იმავენაირად აღწერს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია დეზინფორმაციის საფრთხეს და მას „გარე სახელმწიფოებისგან მომავალ საფრთხეებს“ უწოდებს”, – ამის შესახებ საუბარია პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ბოლოს 2011 წელს განახლდა, ჰიბრიდულ საფრთხეებს საერთოდ არ განიხილავს. 2019 წლის 13 ნოემბერს ახლად შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ლევან იზორიამ, განაცხადა, რომ ახალი დოკუმენტის შემუშავება მალე დაიწყება. მათივე თქმით, უცნობია, იქნება თუ არა ამ დოკუმენტში  ანტიდასავლური დეზინფორმაცია და პროპაგანდა ან – რა დოზით.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან პროპაგანდასთან გამკლავების ძალისხმევა ძირითადად რეაქტიულია და იშვიათად მოიცავს წინმსწრებ, პრევენციულ ნაბიჯებს. გამონაკლისს წარმოადგენს საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ, რომელიც მეტად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო და სამოქალაქო აქტორთან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე თანხმდებიან, რომ რუსეთმა თავისი 21-ე საუკუნის საინფორმაციო ოპერაციები 2008 წელს საქართველოზე თავდასხმის შემდეგ დახვეწა. ომის განმავლობაში და შემდგომ ეტაპზე რუსეთის უსაფრთხოების სტრუქტურებმა შეიმუშავეს ჰიბრიდული ომის ახალი კონცეფცია და მიდგომა, რომელშიც სტრატეგიული მიზნების მისაღწევად არასამხედრო გზებს მიანიჭეს უპირატესობა. ერთ-ერთ ასეთ მიდგომად კრემლმა ინფორმაციის ე.წ. იარაღიზაცია აირჩია.

ამ კონცეფციის მიხედვით, რუსეთმა ინფორმაციული სივრცე უნდა გამოიყენოს თავისი ეგრეთ წოდებული ალტერნატიული სიმართლის გასავრცელებლად, სადაც დასავლური წყაროები ვერ შეძლებენ რუსეთის საწინააღმდეგო მესიჯების წარმატებით გატანას. ეს ტაქტიკა რუსეთის სახელმწიფო სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება, მათ შორის – NATO-სა და ევროკავშირის დასუსტებასა და შეერთებულ შტატებთან ერთად თანაბარი მოთამაშის სტატუსით დაბრუნებას გლობალურ სცენაზე.

რეკომენდაციები:

თემატური მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ამოქმედებული იყოს ცენტრალური მაკოორდინირებელი მექანიზმი, რომელიც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად წინასაარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციის მონიტორინგსა და ანალიზს გამოყოფს. ამ პროცესში აუცილებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული ჩართულობა მის ხელთ არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსებით.

მათივე რეკომედაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია, ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ კონცეფციაში მკვეთრად აისახოს საქართველოს მიმართ რუსეთის ჰიბრიდული ომი და მტრული საინფორმაციო ოპერაციები, როგორც საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისათვის; უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი პოლიტიკის, მექანიზმებისა და სისტემის შექმნა, რომელიც დროულ, კოორდინირებულ და წინმსწრებ ნაბიჯებს გადადგამს ამ საფრთხეების შესამცირებლად და გასანეიტრალებლად.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროაქტიულობის ერთ-ერთი გამოხატულება შეიძლება იყოს საკუთარი ნარატივის შექმნა. კვლევაში მონაწილე ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფომ უნდა განავითაროს თავისი სტრატეგია, რომელიც მოიცავს იმის ცხადად ფორმულირებას, თუ, მაგალითად, რა არის საქართველო; რა ღირებულებებზე დგას ქვეყანა და რა არის მომავლის მისეული ხედვა (რომელიც NATO-სა და ევროკავშირს სცდება); თუ რა კავშირშია საქართველოს ისტორია დანარჩენ ევროპულ ცივილიზაციასთან და სხვა.

„დეზინფორმაციის აქტორები საქართველოს ხშირად წარმოაჩენენ, როგორც ჩაკეტილ, რეტროგრადულ საზოგადოებას, რომელსაც ახლის მიმღებლობა არ აქვს. შესაბამისად, ცხადად და თანმიმდევრულად ამის საწინააღმდეგო მესიჯების მიწოდება აუცილებელია დეზინფორმაციის განეიტრალებისა და მოქალაქეებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისთვის. ეს კი, მოითხოვს განგრძობით კერძო, საჯარო და სამოქალაქო ორგანიზაციების კოორდინაციას და სტრატეგიულ კომუნიკაციას, მათ შორის თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან”, – ნათქვამია ანგარიშში.


2019 წლის თებერვალი-ნოემბრის პერიოდში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ჩაატარა ზეპირი და წერილობითი გამოკითხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან. ანგარიშის მიხედვით, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მიზანი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და პრობლემების გამოკვლევა და ანალიზია.

თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა ტექნიკური დავალება და კითხვარი, გამოკვეთა დაინტერესებული მხარეები და ჩაატარა წერილობითი და ზეპირი გამოკითხვა წინასწარ შერჩეულ რესპონდენტებთან.

თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ:

  • ნინო გოგუაძე – პარლამენტის წევრი;
  • დიმიტრი ცქიტიშვილი – პარლამენტის წევრი;
  • ცოტნე ზურაბიანი – პარლამენტის წევრი;
  • ირინე ფრუიძე – პარლამენტის წევრი;
  • გიორგი ხატიძე – პარლამენტის წევრი;
  • გიგა ბოკერია – პარლამენტის წევრი;
  • გიორგი კანდელაკი – პარლამენტის წევრი;
  • სალომე სამადაშვილი – პარლამენტის წევრი.