სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ბაჩალიაშვილს წლების წინ მასალებს და მითითებებს აძლევდა - რამიშვილი

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სატელიტის ფოტოებთან დაკაშირებით აქვს გამოძიებას მასთან კითხვები. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ის თავის მხრივ პროკურატურას მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწოდებს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს ინფორმაცია ეხება ერთ-ერთი გამოკითხვის ოქმს, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ჰყვება, როგორ გადასცემდა თამარ ბაჩალიაშვილს მეხსიერების ბარათებს და აძლევდა სხვადასხვა დავალებას.

„სატელიტიდან გადაღებულ სურათთან დაკავშირებით დამიბარეს, სავარაუდოდ, აინტერესებთ ეს ჩემი შეკვეთა იყო, თუ ბატონი დავით ფურცხვანიზის ინიციატივა. მესმის ისევ და ისევ უნდათ, რომ რაღაცნაირად ამ საქმეს ჩამომაშორონ და რაღაც მიზეზი იპოვონ, რომ პასუხისმგებლობა დამაკისრონ.

აქვე მინდა, ერთი განცხადება გავაკეთო – მე მოვედი, რომ დავეხმარო გამოძიებას და მოვიტანე ერთი გამოკითხვის ოქმი. ეს გამოკითხვის ოქმი არის 3 აგვისტოსი, როდესაც დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც პირადად დეტალურად აღწერს გამოკითხვის ოქმში როგორი ურთიერთობა და როგორი კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, როგორ გადასცემდა გარკვეული წლების წინ ფლეშკებს და როგორ აძლევდა გარკვეულ მითითებებს.

მე მანამდეც ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერს ვაკვირდებოდი და მაინტერესებდა, გამოძიება რას მოიმოქმედებდა, ამიტომ მე ჯერ გვარებს არ დავასახელებ. გადავცემ გამოძიებას გამოკითხვის ოქმს, მივცემ სახელს და გვარებს რაც წერია გამოკითხვის ოქმში. არა, ახლა აღარ მუშაობს ეს ადამიანი. ჯერ არ დავასახელებ სახელს და გვარს ისევ იმ ადამიანის უსაფრთხიების მიზნით”, – ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.