სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში მყოფი ვსევლოდ ოსიპოვი, რომელიც ამბობდა, რომ ის საქართველოში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტი იყო, ორჯერ გამოჰკითხეს.
როგორც „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ოსიპოვი გუშინ და დღეს გამოიკითხა.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ გენერალურ პროკურატურაში ვსევოლოდ ოსიპოვის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა.
როგორც დოლიძემ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე უნდა აღიძრას ვსევოლოდ ოსიპოვის წინააღმდეგ, რადგან მას დავალებული ჰქონდა ჯაშუშური საქმიანობა და სხვა ადამიანების თვალთვალი.
„ერთი თვე გავიდა და სამართალდამცავ უწყებას რეაგირება არ მოუხდენია. როდესაც გაიგეს, რომ ჩვენ ამ საკითხით ვინტერესდებით, გუშინ გვიან მოხდა ამ ადამიანის დაკითხვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანს არ გადასცემენ რუსეთს და ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ეს ადამიანი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, – უთხრა ჟურნალისტებს დოლიძემ.
ვსევოლოდ ოსიპოვი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება და ამბობს, რომ წარსულში რუსეთის FSB-თვის მუშაობდა. ამის შესახებ მან „ეხო კავკაზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.