ოსიპოვი 1 თვეა საუბრობს, როგორ ავალებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები ჯაშუშობას, თუმცა სამართალდამცველებს რეაგირება არ ჰქონიათ - დოლიძე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბაჩო დოლიძემ გენერალურ პროკურატურაში რუსეთის მოქალაქის, ვსევოლოდ ოსიპოვის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა.

როგორც დოლიძემ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე უნდა აღიძრას ვსევოლოდ ოსიპოვის წინააღმდეგ, რადგან მას დავალებული ჰქონდა ჯაშუშური საქმიანობა და სხვა ადამიანების თვალთვალი.

ვსევოლოდ ოსიპოვი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება და ამბობს, რომ წარსულში რუსეთის FSB-სთვის მუშაობდა. ამის შესახებ მან „ეხო კავკაზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ ჩვენი ხელისუფლება ფასადურადაც კი არ რეაგირებს აღნიშნულთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დასდევს „ოცნების” პოლიტიკურ ოპონენტებს არაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ რეაგირება მოახდინოს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე. საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეს, ოსიპოვს, რომელიც 1 თვეა საჯაროდ საუბრობს იმაზე, თუ როგორ ავალებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები ჯაშუშურ საქმიანობას. აღნიშნული პიროვნება ამბობს, რომ ფლობს ინფორმაციას სხვა ადამიანების შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ აღნიშნულ საქმესთან. ერთი თვე გავიდა და სამართალდამცავ უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.

როდესაც გაიგეს, რომ ჩვენ ამ საკითხით ვინტერესდებით, გუშინ გვიან მოხდა ამ ადამიანის დაკითხვა. დიდი იმედი მაქვს , რომ ამ ადამიანს არ გადასცემენ რუსეთს და ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ეს ადამიანი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, – უთხრა ჟურნალისტებს  დოლიძემ.