სუს-ში არასდროს ვყოფილვარ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი - ხოჯევანიშვილი

პუბლიკა

„ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, რომელსაც ცალსახად გიდასტურებთ“,- ასე გამოეხმაურა გიორგი გახარიას პარტიის წევრი, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სავარაუდოდ, სუს-იდან ფაილების გაჟონვას.

„მინდა თეა წულუკიანს მივმართო, რომ მან თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ, არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში. ეს არის ჩემი კომენტარი და მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა”, – თქვა ხოჯევანიშვილმა „ფორმულას“ ცნობით.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვის უკავშირდება „ტყუილ-მართალის“ გამოტანა სუსიდან, „იქნება ეს გახარია-ხოჯევანიშვილი თუ სხვა, ამით უნდა დაინტერესდეს გამოძიება“.

შეკითხვაზე, თვითონაც ფიქრობს თუ არა კობახიძე, რომ გიორგი გახარიას გუნდი კავშირშია დოკუმენტების გამოტანასთან და როგორ შეაფასებს გახარიას გუნდის მოლოდინს ხოჯევანიშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, კობახიძე აცხადებს, რომ „ამ დეტალებში ვერ შევა”.

12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.

საუბარია, დაახლოებით სამი ათასამდე დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.