თუ რამე მართალია ამ ინფორმაციაში, მოპოვების დრო ემთხვევა პერიოდს, როცა 2 გასაღები იყო ორ ხელში - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვის უკავშირდება „ტყუილ-მართალის“ გამოტანა სუსიდან, „იქნება ეს გახარია-ხოჯევანიშვილი თუ სხვა, ამით უნდა დაინტერესდეს გამოძიება“.

შეკითხვაზე, თვითონაც ფიქრობს თუ არა კობახიძე, რომ გიორგი გახარიას გუნდი კავშირშია დოკუმენტების გამოტანასთან და როგორ შეაფასებს გახარიას გუნდის მოლოდინს ხოჯევანიშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, კობახიძე აცხადებს, რომ „ამ დეტალებში ვერ შევა”.

„ერთადერთი, თუ რამე მართალი შეიძლება იყოს იმ ინფორმაციიდან, რომელიც გავრცელდა, ამ ინფორმაციების მოპოვების დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ორი გასაღები იყო ორ ხელში და ორივე გასაღებს აკონტროლებდა ერთი და იმავე ჯგუფის ორი წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე შესაძლოა, არსებობდეს შესაბამისი ეჭვები“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს გიორგი გახარიას გუნდმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, რომელზეც საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის პრიორიტეტი ძალაუფლების შენარჩუნებაა, შესაბამისად გამორიცხული არაფერია. ბექა ლილუაშვილმა ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, მოელიან თუ არა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ.

„როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.