ჩორჩანას საგუშაგოს საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან მედიასთან თქვა, რომ საგუშაგოს განთავსებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ეთანხმებოდა, რადგან შესაბამის სამსახურებთან „არ იყო შესაბამისი კოორდინაცია“.
2019 წელს ტაბატაძე სუს-ის უფროსის მოადგილე იყო.
„ამიტომ იყო, რომ ეს გადაწყვეტილება, როდესაც შეთანხმებული არ იყო და რაღაც მოხდა ისე, რომ ნაუცბათევად… და შემდგომ ამისა, უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმიტომ ვიძახით ჩვენ, რომ არ ეთანხმებოდა ამას – იმიტომ, რომ არ იყო შესაბამისი კოორდინაცია.
ჩორჩანას საგუშაგოთი ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი – 100 ჰექტარი ტყე, ეს არის მილიონი კვადრატული მეტრი, ხაშურის რაიონის რამდენიმე მოსახლე, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთ იყო, დარჩა საოკუპაციო ხაზს მიღმა. გარდა ამისა, ჩვენ დავდგით (ამ შემთხვევაში ქართულმა მხარემ) ერთი საგუშაგო; მოწინააღმდეგე მხარისგან დაიდგა 5 საგუშაგო და ერთი მოძრავი პოსტი. ეს მივიღეთ ჩვენ და ეს რეალობა გვაქვს.
აქ იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ეტაპები. აქ მიმდინარეობდა და ეს შეთანხმებულიც იყო, რომ გზის გარკვეული ნაწილი უნდა მოწესრიგებულიყო. ჩვენ აქ მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ საგუშაგოს მდებარეობა და საგუშაგოს როლი საოკუპაციო ხაზთან და მისასვლელი გზა და გზაზე პატრულირება. ერთი სხვა მიმართულებაა და პატრულირება არის მეორე. როდესაც საოკუპაციო ხაზს ეხება, ყველა ეტაპი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იქნას შეთანხმებული და შესაბამისი არგუმენტები მოყვანილი და შემდგომ ამისა განხორციელებული“, – თქვა მან მედიასთან.
შეკითხვაზე, ვისგან გაიგო აღნიშნულთან დაკავშირებით და როდის, ტაბატაძე ასე პასუხობს:
„როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმართებოდა თუნდაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეკრებები და რომ ვნახეთ, იქ მდგომარეობა დაიძაბა, სეპარატისტულმა რეჟიმმა რამდენჯერმე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს. მერე იყო ასეთი ინფორმაცია, რომ მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს და ასე შემდეგ… რა თქმა უნდა, ამის მერე უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო დეესკალაციის თვალსაზრისით. ეს იყო რეალური სიტუაცია“.
მისივე თქმით, მას მაშინდელ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ბახტაძესთან „წვდომა“ არ ჰქონდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაინიშნა ამის შემდეგ გახარია პრემიერ-მინისტრად, ტაბატაძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა:
„საქართველოს უახლეს ისტორიაში 2022 წლიდან ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მანამდეც იყო. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ყოველთვის ვუწევთ ანგარიშს ყველა იმ გონივრულ რეკომენდაციაში, რომლებსაც ისინი გვაძლევდნენ. მე ამის მეტს, დანარჩენს არ გავაგრძელებ“, – თქვა მან.
პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.
2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. მაშინ საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, ვახტანგ გომელაური სუს-ის უფროსის პოზიციას იკავებდა, ალექსანდრე ტაბატაძე კი სუს-ის უფროსის მოადგილე.
ამ საკითხზე გიორგი გახარიას კითხვები დაუსვევს თეა წულუკისანის საგამოძებო კომისიის სხდომაზე. „ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პოზიციაა, რომ გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართა, არ გაიარა სათანადო პროცედურები და რომ ეს სუს-მა „შეიტყო ოსებისგან ცხელი ხაზით“. გახარია ამბობს, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.
კომისიის სხდომაზე მან თქვა, რომ მაშინ საოკუპაციო რეჟიმი „1922 წლის ფეიკ რუკით“ გეგმავდა ქართული ტყის ნაკვეთი წაეღო, ტყეში გაჩნდა მონიშვნები, მანამდე კი სეპარატისტული ძალები ტყეში საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ არ მომხდარიყო ე.წ. საზღვრის გადმოწევა.
„მაშინ იქ ძალიან ბევრი სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება. უბრალოდ გავწმინდეთ გზა, გავიყვანეთ გზა და გავაკეთეთ საგუშაგოები“, – თქვა გახარიამ.
წულუკიანის თქმით, სუს-ი მხარს უჭერდა, რომ ქართულ მხარესაც დაეწყო პატრულირება, გაეაქატიურებინა ტექნიკური შეთანხმებით გათვალისწინებული „ბერკეტები თუ მექანიზმები“, ეს შეთანხმება გულისხმობს, რომ „თუ საგუშაგოს, ან მსგავსი ტიპის სიახლის შეთავაზებას გადაწყვეტდა ერთი მხარე, აქეთა მხრიდან, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, უნდა ეცნობებინა ჩვენი სუს-ის მეშვეობით, და არა სხვანაირად, სეპარატისტებისთვის და საოკუპაციო ძალისთვის“.