„ქართული ოცნების“ ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოკითხვაზე იყო.
ის ჩორჩანას ეპიზოდის შესახებ გამოკითხეს.
ვახტანგ გომელაურმა გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმაზე ინფორმაცია არ ჰქონდა და გიორგი გახარიამ ეს სუს-თან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად გააკეთა.
„ვიყავი თუ არა საქმის კურსში აღმართვაზე საგუშაგოსი და შევთანხმდით თუ არა — მე გიდასტურებთ, რომ შეთანხმება არ ყოფილა და გავიგეთ პოსტ-ფაქტუმ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმაზე. არ ვიყავი საქმის კურსში.
მთავარი რაცაა, რომ მარტო მე საქმის კურსში არ ნიშნავდა, რომ დაიდგას სადაც გინდა საგუშაგოები, ჩვენი ტერიტორია, რა თქმა უნდა, ჩვენია აქეთაც და იქითაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ.
ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება, ისინი მერე უკვე ამ საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ყოფილა იგივე დათანხმება იქითა მხრიდან: გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს,“ — თქვა გომელაურმა.
გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ საგუშაგოს გახსნის შესახებ „პოსტ-ფაქტუმ“ გაიგო, მას შემდეგ რაც დაწყებული იყო ტყეში გზის გაყვანა.
მისი თქმით, საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძესაც თავად აცნობა.
„ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ, გზის დამუშავება რომ დაიწყო, გზის გაყვანა, მოსწორება. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა, არ იყო, როგორც ვიცი. ჩვენ მოვახსენეთ ეს, როგორც მე მახსოვს“ — თქვა გომელაურმა.
გომელაურმა ასევე განაცხადა, რომ არ შეიძლება სუს-ის და პრემიერ-მინისტრის გარეშე საგუშაგოს სადმე ჩადგმა.
მისი თქმით, საგუშაგო შეუთანხმებლად აშენდა და ის არ უნდა გახსნილიყო.
„ესე არ ხდებოდა, რომ რაღაც საფრთხე გაეგო შს მინისტრს და წავედი ახლა მე, იქ საგუშაგო ჩავდგი, ასეთი რაღაცა დაუშვებელია, ამას შეიძლება, ისეთი უბედურება მოჰყვეს… ეს არ შეიძლება რა თქმა უნდა სუს-ის, პირველ რიგში, პრემიერის გარეშე
მე ვთვლი, რომ არ უნდა ჩაედგათ არცერთ შემთხვევაში, თუმცა კიდევ ვამბობ, გახარია იქნებოდა, ვახო გომელაური, უნდა შეთანხმებულიყო. ჩემთან არ შეუთანხმებია“, — თქვა გომელაურმა.
გომელაურის განცხადებით, ფაქტის გაგების შემდეგ გიორგი გახარიას დაუკავშირდა და უთხრა, რომ „არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რადგან ამას „შეიძლება მოჰყოლოდა ესკალაცი“.
2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანაში, ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. მაშინ საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, გომელაური კი სუს-ის უფროსის პოზიციას იკავებდა.
„ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე თეა წულუკიანმა და კომისიის სხვა წევრებმა გახარიას უთხრეს, რომ საგუშაგოს აშენების გამო ქვეყანამ „დანის პირზე“ და “ომის ზღვარზე” გაიარა. წულუკიანის მტკიცებით, საგუშაგოს აშენება სუს-ისთვისაც „სიურპრიზი“ იყო.
გახარიამ განაცხადა, რომ საგუშაგოს შესახებ „ყველამ ყველაფერი იცოდა“ და იქ „ოთხი სამინისტრო მუშაობდა“. ასევე, გახარიას თქმით, საგუშაგოს აშენება შეთანხმებული იყო ვახტანგ გომელაურთანაც.