სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2024 წლის ანგარიშშიც ისევ „უცხო ქვეყნებზე“, „მაიდანიზაციასა“ და „ფერად რევოლუციებზე“ საუბრობს და ამტკიცებს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები „საკუთარი ქვეყნების ინტერესების” გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას.
სუსი ირწმუნება, რომ „პირთა გარკვეული ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო”. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ საკითხზე გამოძიება დაწყებული აქვს, თუმცა, კონკრეტული შედეგი ცნობილი არ არის.
სუსი ასევე ამტკიცებს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გატარების მიზნით, „ცდილობდნენ, გამოეყენებინათ საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები“.
„მათი მხრიდან გამოვლინდა გაზრდილი ინტერესი და მცდელობები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების ან მათთან ასოცირებული პირების ჩასართავად. ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, ასევე, გაზრდილი იყო დაფინანსების რაოდენობა.
დაფიქსირდა აღმსარებლობის მიხედვით პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნის და უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებული პირების მხარდასაჭერად, რელიგიური ნიშნით, ერთგვარი ელექტორალური ბაზის შექმნის მცდელობები, რაც, ქვეყანაში შექმნილი ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, შესაძლოა მნიშვნელოვან საფრთხედ ქცეულიყო და უკიდურესად დაეზიანებინა ეროვნული უსაფრთხოება“, – წერია ანგარიშში.
უწყების მტკიცებით, 2024 წელს მონიტორინგს უწევდა ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს და „სათანადო მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში“, ატარებდა პრევენციულ ღონისძიებებს.
ანგარიშში ასევე სუსი ამტკიცებს, რომ „ოპერატიული საქმიანობის შედეგად გამოვლინდა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ღიად თანამშრომლობდა უცხოურ, მათ შორის პოლიტიკურ ძალებთან და მონაწილეობდა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში”.
„აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის და მათი წარმომადგენლების მხრიდან, სხვა მსგავსი პოლიტიკური შეხედულებების ძალებთან ერთად, გამოიკვეთა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის მცდელობები”, – წერს სუსი.
სუსი 2023 წლის ანგარიშშიც ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმებოდა, თუმცა ქვეყნები არც 2023 წლის და არც 2024 წლის ანგარიშში დასახელებული არაა.