სუსი USAID-ს „რევოლუციური სცენარის" შესახებ ტრენინგის დაფინანსებაში ადანაშაულებს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებებისთვის“ NGO-ებისა და სამოქალაქო აქტივისტების გადამზადება USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოსულ ტრენერებს დაუკავშირა.

უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

სუსი აცხადებს, რომ ტრენერები იყვნენ სერბეთის მოქალაქეები: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც ახლა „კანვასის” წევრები არიან.

სუსის მტკიცებით:

„პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს”.

უწყება ამბობს, რომ:

სერბეთის მოქალაქეების „საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო – მათ იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება სურდათ, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებებისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ”.

სუსი ამბობს, რომ ტრენინგები 26-26 სექტემბერს ჩატარდა და რომ მონაწილეებს „პიკეტების და საცობების შექმნა, დესტრუქცია და ზოგადად, ხელისუფლების ჩამოშლა ასწავლეს, „რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი”.

სუსისვე განცხადებით, „26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ”.

„კანვასის” 3 წევრი – სერბეთის 3 მოქალაქე სუსმა 29 სექტემბერს გამოჰკითხა.  უწყების მტკიცებით, „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით”.

USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა სუსის პასუხად 30 სექტემბერს თქვა, რომ „კანვასის“ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა”.

მისი თქმით, USAID ძალიან ამაყია, რომ თანამშრომლობს „კანვასთან“.

„კანვასი“ არის ერთ-ერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა. ტრენინგი ეფექტურად უჭერს მხარს საკითხებს, რომლებიც ქართველებს აინტერესებთ“, – განაცხადა ლიზა კოვაკმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში. 

აღწერის თანახმად, სასწავლო კურსი კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები  მომავალი საქმიანობისთვის.

ოპტორი” სერბული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1998-2004 წლებში არსებობდა და თავის დროზე შთაგონება გახდა, მათ შორის, ქართული საპროტესტო მოძრაობისთვის „კმარა” და უკრაინული მოძრაობისთვის – „პორა“.

რაც შეეხება ორგანიზაცია „კანვასს“ (CANVAS), ის ბელგრადში სლობოდან ჯინოვიჩმა და სრჯა პოპოვიჩმა 2005 წელს დააფუძნეს იმ მიზნით, რომ „მხარი დაუჭირონ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობაში”. „კანვასი” ამბობს, რომ შექმნის დღიდან მუშაობს დემოკრატიის მომხრე აქტივისტებთან 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მუშაობს უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და პასუხისმგებელი საზოგადოების ასაშენებლად. CANVAS-ის ოფისები გახსნილია ვაშინგტონში, კუალა ლუმპურშიმალეიში, თბილისში, იოჰანესბურგსა და ბელგრადში მიზნად ისახავს, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიონ ადგილობრივ აქტივისტებს. ორგანიზაცია ემსახურება ინიციატივებს, რომლებიც ეყრდნობა არაძალადობრივი ბრძოლის და შემოქმედებითი აქტივიზმის პრინციპებს.

საქართველოში ფუნქციონირებს „კანვას საქართველო”. მას გიორგი მელაძე ხელმძღვანელობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის „ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, გეგმავენ სახელმწიფო გადატრიალებას, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“.

უწყებამ დაასახელა გვარებიც: ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე,  გიორგი ლორთქიფანიძე და ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი. ასევე, ახსენა ორგანიზაცია „კანვასი“ – სუსი ამბობს, რომ „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით იყენებენ ორგანიზაცია „კანვასს“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და სუსს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არ გაუსაჯაროებია გამოძიება და მისი შედეგები.