სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიესაჯა

პუბლიკა

სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიესაჯა. გადაწყვეტილება ნინო თარაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა, რის შემდეგაც დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ქრთამის აღება სისხლის სამართლის ოთხ საქმეში.

პროკურატურის ვერსიით, ერთ საქმეზე ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების სანაცვლოდ ლილუაშვილმა $1 მილიონი აიღო თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან.

მეორე საქმეზე ლილუაშვილმა გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძის მეშვეობით მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი. რომეო მიქაუტაძემ რამდენიმე კვირის წინ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და დაადასტურა, რომ ის ქრთამის აღებაში შუამავალი იყო.

მესამე საქმეზე მას ბრალი წარდგენილი აქვს ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მფარველობისთვის.

მეოთხე ბრალდება კი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორის, კახა გვანცელაძის მფარველობას შეეხება. გამოძიების ვერსიით, გვანცელაძე შესყიდვებიდან ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.

ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. სასამართლო პროცესები დახურული იყო.

„სამართლებრივი მსჯელობისგანაა დაცლილი ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე გრიგოლ ლილუაშვილს ედავება“, – აცხადებდა ლილუაშვილის ადვოკატი.

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 5 წელი და 6 თვე ხელმძღვანელობდა.

მას ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.