სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სამსახურებრივი უფლებამოსილები ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის ეკონომიკის მინსიტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავეს.
რომეო მიქაუტაძე 2017 წლიდან იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, 2018 წელს კი, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეურთდა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – ენერგეტიკის დარგში კომპანიების კურატორი გახდა. 2021 – 2022 წლებში ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე – ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
სუსი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ.მ-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები ეკავა.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე, გამოვლენილია, რომ რომეო მიქაუტაძე „თანამდებობრივ გავლენას სანაცნობო წრისა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად”.
„ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი, ის მათგან ენერგო კომპანიებში, ჰესებში, საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა, თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.
აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რომეო მიქაუტაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო. ამასთანავე, რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის, ან უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია”. – განაცხადეს სუსში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
რომეო მიქაუტაძის ქონების შესახებ ჟურნალისტებმა სხვადასხვა დროს საგამოძიებო მასალები მოამზადეს, მათ შორის, სტუდია „მონიტორმა” და „ნოდარ მელაძის შაბათმა”.
მათ შორის, 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ მასალაში „ნოდარ მელაძის შაბათი” ამბობდა, რომ მიქაუტაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარია.