სუსმა გორის მერიის ა(ა)იპ-ის მოქმედი და ყოფილი დირექტორები პასუხისგებაში მისცა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 07 აპრილის ჩათვლით ბუღალტერმა სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და საკუთარი საჭიროებებისათვის გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა – 370 479 ლარი.

„გამოძიებით დგინდება, რომ მიუხედავად სამსახურის დებულებით განსაზღვრული პერსონალური ვალდებულებისა, მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეები არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და არაეფექტურ კონტროლს უწევდნენ ორგანიზაციების სახელით განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებს, რითაც ისარგებლა ბუღალტერმა ლ. წ-მა, რომელმაც 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 07 აპრილის ჩათვლით პერიოდში სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და საკუთარი საჭიროებებისათვის გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 370 479 ლარი.

როგორც ცნობილია, ჩადენილი დანაშაულისათვის ბუღალტერი ლ. წ. დაკავებულია და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, “- ამბობენ სუსში.