სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

პუბლიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.

კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო საკარანტინო სივრცედ მოაწყო.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518 მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებში.

მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება. ამ ეტაპზე სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია შემდეგი სასტუმროები: „ბანგურიანი“, „თეთნულდი“, „ჩუბუ“, „ელიტჰაუზი“, „პლაზა მესტია“, „ოლდჰაუზი“, „ფოსტა“, „სვანსეტი“, „სვანეთი“, „უშბა“, „რივერსაიდი“, „სანთაუერი“, „სანსეტ ტერასა“, „ნინო რატიანი“, „გერა“, „დავით ჟორჟოლიანი“, „მანონი“, „ბაპშა“, „შალე“, „ელტური“.

ამ სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში სულ 340 ნომერია, საიდანაც 182 ოთახი დაკავებულია, ხოლო 158 თავისუფალია. ამჟამინდელი მონაცემებით სვანეთში 128 მოქალაქე მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონებში სხვადასხვა სასტუმროდან გადაიყვანეს, 215 ადამიანი კი არსებულ სასტუმროებში დარჩა, რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა.