სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსიის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე გამოცხადდა

ია კელერმანი

ბელარუსი მწერალი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი,  სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსიის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე გამოცხადდა.

სვეტლანა ალექსიევიჩი დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ქვეყანაში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

მწერალს საგამოძიებო კომიტეტის შენობის წინ აპლოდისმენტებით ელოდებოდა ათობით ადამიანი, იგი საგამოძიებო კომიტეტამდე სააკორდინაციო საბჭოს წევრებმა მიაცილეს.

„ახლა ლუკაშენკო ესაუბრება მხოლოდ პუტინს, ჩვენ გვჭირდება, რომ ის ესაუბროს ხალხს. იქნებ მსოფლიო დაგვეხმაროს, რომ ლუკაშენკო სხვასაც ესაუბროს. ჩვენ გვჭირდება მსოფლიოს, შესაძლოა, რუსეთის დახმარებაც. რაც უფრო ერთად ვიქნებით, ჩვენ უფრო გავძლიერდებით და უფრო მეტი შანსი გვექნება, ხელისუფლებამ გველაპარაკოს“, – განაცხადა სვეტლანა ალექსიევიჩმა.


ბელარუსი მწერალი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსიის საგამოძიებო კომიტეტმა გამოკითხვაზე გუშინ, 25 აგვისტოს დაიბარა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით აღიძრა, რაც მოიცავს ბელარუსიის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მუხლი ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია ბელარუსიის კულტურის ყოფილი მინისტრი პაველ ლატუშკო.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, ძალაუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით. მათი დიდი ნაწილი უკვე დაკავებულია. ასევე, დაკავებულია ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი და ოპოზიციის ლიდერები – ოლგა კოვალკოვა და სერგეი დილევსკი.


წინა კვირას, ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში მასობრივი აქციები გაიმართა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მასშტაბური აქცია გაიმართა 23 აგვისტოს, კვირა დღეს.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. დააკავეს ათასობით ადამიანი; დაღუპულია 4 დემონსტრანტი. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია კი აცხადებს, რომ არჩევნებში 60-70%-იანი მხარდაჭერით თავად გაიმარჯვა და არა ლუკაშენკომ.