სწრაფი ტესტების გამოყენებაზე აშშ-ში ნებართვა გასცეს

პუბლიკა

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადიმინისტრაციამ შტატებში ანტისხეულებზე დამყარებული ახალი ტესტების გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

აქამდე მოქმედი ტესტებით ექიმები ვირუსული ინფექციის კვალს გენურ ჯაჭვში ეძებდნენ, ახალი ტესტი კი – სისხლში ეძებს დამცავ ანტისხეულებს. ანტისხეულების არსებობა აჩვენებს, გადატანილი აქვს თუ არა უკვე პაციენტს ვირუსი და აქვს თუ არა მასზე იმუნიტეტი.

ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ადამიანს, რომელსაც აღმოაჩნდება იმუნიტეტი, შესაძლოა, სამსახურში დაბრუნების და ცხოვრების ძველი რიტმის გარკვეულწილად დაბრუნების საშუალება მისცენ. ასევე ტესტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალისთვის, რომ იცოდნენ, აქვთ თუ არა სისხლში ეს ანტისხეულები.

ტესტის მეშვეობით ინფიცირებულთა უფრო ზუსტი რაოდენობისა და გავრცელების მასშტაბის დადგენაც იქნება შესაძლებელი, რაც თავის მხრივ, სიკვდილიანობის უფრო ნათელ სურათს მოგვცემს.

„თუ ჩვენ არ აღვრიცხავთ უსიმპტომო ან მსუბუქ შემთხვევებს, ვერც იმას გავიგებთ, შეუძლია თუ არა ვირუსს ადამიანში სიკვდილის გამოწვევა, თუ მხოლოდ მათთვის არის ფატალური, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა ან ძალიან უიღბლო იყო“, – ამბობს დოქტორი კარლ ბერგსტორმი ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან.

ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს დღეისთვის ჩინეთში, სინგაპურსა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში იყენებენ. ასევე ამ ტიპის ტესტი დიდი რაოდენობით შეიძინეს ინგლისშიც, სადაც იმედი აქვთ, რომ ანტისხეულების ტესტს მოქალაქეებს სახლის პირობებშიც ჩაუტარებენ.

ახალი ტესტი, რომელიც ფარმაცევტულ კომპანია Cellex-ს ეკუთვნის, ორი ტიპის ანტისხეულებს ეძებს: იმუნოგლობულინ M-ს, რომელიც ვირუსული ინფექციიდან რამდენიმე დღეში ჩნდება სხეულში და იმუნოგლობულინ G-ს, რომელიც უფრო გვიან იქმნება, თუმცა უშუალოდ შემოჭრილი ვირუსის განეიტრალებისკენაა მიმართული.

ახალი ტესტი პასუხს 15 წუთში იძლევა. თუმცა, მხოლოდ ანტისხეულების არსებობა არ არის იმის გარანტია, რომ ადამიანს კორონავირუსზე იმუნიტეტი ექნება.

„ახალი ტესტი მხოლოდ ამოწმებს ანტისხეულების არსებობას და გვაძლევს პასუხს – „კი“ ან „არა“. ის არ აჩვენებს, რამდენად კარგად მუშაობენ ეს ანტისხეულები“, – ამბობს დოქტორი ანჯელა რასმუსენი ვირუსოლოგი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. ზოგიერთი ადამიანი ძლიერ იმუნურ სისტემას გამოიმუშავებს, სხვები კი არა. თანაც, მეცნიერებმა არც ის იციან, რამდენ ხანს გასტანს იმუნიტეტი ახალ კორონავირუსზე.

ასევე, ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტს ვერ გამოიყენებენ ინფიცირების პირველ დღეებში, რადგან ამ დროს ანტისხეულები ორგანიზმში არ არის. არადა, ზოგიერთი კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ ადამიანი ყველაზე მეტად გადამდები სიმპტომების გამოვლენამდეა.

„ასეთ შემთხვევებში, რთულია იმის თქმა, რამდენად კარგი იქნება ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი. ის ყველაზე პროდუქტიული სიმპტომების მქონე პაციენტების სწრაფი ტესტირებისას იქნება და არა ასიმპტომურ ან პრესიმპტომურ შემთხვევებში“, – დასძენს დოქტორი რასმუსენი. ხოლო ტრადიციული, პსრ ტესტები კვლავ ინფიცირების დადგენის ძირითად საშუალებად დარჩება.