თაღლითურ სქემაში, რომელსაც აბლაბუდასავით ხლართავს „ოცნება“, მონაწილეობას არ მივიღებთ - ვაშაძე ომბუდსმენის შერჩევაზე

პუბლიკა

„ჩვენ არც ერთ შემთხვევაში იმ თაღლითურ სქემაში, რომელსაც აბლაბუდასავით ხლართავს „ქართული ოცნება“, მონაწილეობას არ მივიღებთ“, – სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოზიცია გამოხატა.

პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ კოლეგებს, მმართველი გუნდის ლუსტრაციისკენ მოუწოდა.

„ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუწოდებთ, მგლის თავზე სახარების კითხვას შევეშვათ და მმართველი პარტიის ლუსტრაციას მივხედოთ. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და რა მიიღო? იმის ნაცვლად, რომ შვიდკაციან ჯგუფებს შეგვეძლო კანდიდატების პირდაპირ სხდომაზე დაყენება და ვაპირებდით, სამოქალაქო სექტორიდან ყველაზე ღირსეული აგვერჩია და დაგვეყენებინა, ფაქტობრივად, წინარე პროცედურა შექმნა, რითაც უნდა, ფილტრი გააკეთოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიღაც აკადემიურ წრეებთან ერთად. ისეთივე უნამუსო აკადემიურ წრეებთან ერთად, რომელიც, მაგალითად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და მისი წევრების შერჩევის პროცესშია, რომლებიც კონკრეტულ კანდიდატებს ხელს აწერენ სუს-ის დავალებით. ამის შემდეგ, უნდა გავმართოთ უაზრო მსჯელობა – ვინ კარგია, ვინ ღირსეული და ვინ უღირსი? შალვა პაპუაშვილთან არ უნდა იყოს კვაზი, უბედური და ვითომ კრიტერიუმებზე სამუშაო ჯგუფი არ უნდა იყოს, რომელიც არარაობაა და არაფერს წარმოადგენს ამ პარლამენტში. რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებს მხოლოდ, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს. ასევე სამოქალაქო სექტორი კანდიდატად ვისაც შეარჩევს, ამ რაღაც პროცედურაში უნდა დარეგისტრირდნენ, რაც მოიგონა პრორუსმა, თაღლითმა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, შვიდკაციანმა ჯგუფებმა და ოპოზიციამ ერთობლივად მაინც უნდა წარადგინონ ისეთი კანდიდატები, რომელთაც სამოქალაქო სექტორი მხარს დაუჭერს.

„ჩვენ, შვიდკაციანმა ჯგუფებმა, ოპოზიციამ ერთობლივად მაინც უნდა წარვადგინოთ ისეთი ღირსეული კანდიდატები, ვისაც მხარს ავტორიტეტული სამოქალაქო სექტორი მხარს დაუჭერს. ეს პროცესი ფორმალურად უნდა გავიაროთ, ხოლო სხდომაზე წარდგნენ ის კანდიდატები, რომლებსაც სამოქალაქო სექტორი შემოგვთავაზებს. არ ვიცი, ოპოზიციის ნაწილმა სახალხო დამცველის შერჩევის კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით რატომ დაუჭირა. კარგია, რომ მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირეს. ეს კანონპროექტი შექმნილია იმისთვის, რომ სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწყებული პროცესი ჩაშალოს. მათ მიერ მოყვანილი აკადემიური წრეების მოყვანილი კანდიდატები რად მინდა? – ეს თაღლითური სქემა იმისთვის არის შექმნილი, რომ ორი ხმა რომელიმე ოპოზიციური პარტიიდან მიიღონ და პროცესი „გაუპრაონ“. ვინც მათ ორ ხმას დაუმატებს, პირდაპირ ვიტყვი, რომ ის არ არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.