პარტია „კანონი და სამართალის“ ხელმძღვანელი, თაკო ჩარკვიანი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა.
როგორც თაკო ჩარკვიანი წერს, ეს გადაწყვეტილება დიდი ბჭობის, სამეგობროსა და ოჯახის თხოვნით მიიღო.
„გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობისა და დიიიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედას – ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით, გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად.
დევიზი ასეთია: „არცერთი ხმა პუტინს”! საქართველო კორუფციონერებისა და 30-წლიანი, თაღლითი -კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე!
ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს – პენსიას რომ იპარავენ”, – წერს თაკო ჩარკვიანი.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ვის დააყენებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად.
დანარჩენ 2 ოლქში – საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში, ოპოზიცია აპირებს, საზოგადოებისთვის ცნობილი, არაპოლიტიკური კანდიდატი შეარჩიოს. ვინ იქნება წარმოდგენილი ამ ოლქებში კანდიდატებად, ამის შესახებ კონსულტაციები გრძელდება და გვარებს უახლოეს მომავალში დაასახელებენ.