თალაკვაძე: მიმაჩნია, რომ მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი

პუბლიკა

„ადრეც ვამბობდი, მიმაჩნია, რომ მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი, ჩემი პოზიცია დღესაც არის იგივე და მე მჯერა რომ ადრე თუ გვიან და იმედით ველოდები რომ უფრო მეტად ადრე, ის მიიღებს დაზარალებულის სხტატუსს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ  გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ აქვს მაკო გომურს დღემდე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული, თალაკვაძე პასუხობს, რომ ,- „აქამდე მას უნდა მიეღო დახმარება სახელმწიფოს მხრიდან და მან მიიღო დახმარება, სრული ყურადღება რაც ჩვენ შეგვეძლო, თუ რამე სჭირდება კიდევ გვითხარით, მასაც აქვს კონტაქტი და მასქიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ამ ადამიანებს, მაგრამ უყურადღებოდ ჩვენ არ დაგვიტოვებია და ამას ვერავინ ვერ იტყვის“.

მაკო გომურის თქმით, ექსპერტიზა მისით 6 ნოემბერს დაინტერესდა და ჰკითხეს, 20 ივნისის აქციის დაშლისას დაკარგული თვალი ჯანსაღი იყო თუ არა.

„მოკლედ, 4 თვეზე მეტია გასული. ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული.

დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?”, – წერს მაკო გომური Facebook-ზე.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის მიერ მაკო გომურისთვის დასმული კითხვა სტანდარტული პროცედურის ნაწილი იყო.

მაკო გომურს 20 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვია მოხვდა და თვალი დაკარგა, მაგრამ პროკურატურას 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია.  პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა გიორგი სულაშვილსაც, რომელმაც ასევე დაკარგა თვალი.

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულთათვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, პროკურატურამ დაზარალებულად ამ დრომდე მხოლოდ 4 სამოქალაქო პირი ცნო.

„ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 პირი დაზარლდა, მათ შორის  – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რაოდენობა 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული  – 4 პირს. დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.