თალაკვაძე: შეწყალების პრინციპებზე პრეზიდენტის აქცენტები სწორი და სახელმწიფოებრივი იყო

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის მიერ 5 მსჯავრდებულის შეწყალებას გამოეხმაურა, რომელთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. თალაკვაძე დეკანოზის შეწყალების უარზე თავის პოზიციას არ გამოხატავს, თუმცა, მისი თქმით, პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით სწორი და სახელმწიფოებრივი იყო.

„ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუციით და კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, რომ თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ბევრი საქმე იყო განხილული, როგორც ჩანს. მე არ ვიცნობ თვითონ პერსონალურად იმ ადამიანთა საქმეებს, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

საშობაოდ საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა და ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ვერ მოხვდა გიორგი მამალაძე. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს 31 ოქტომბერს სინოდის სხდომის შემდეგ მისმა წევრებმა მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართეს.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და გამომდინარეობს პატრიარქისადმი როგორც პირადი, ისე პრეზიდენტის დამოკიდებულებიდან. ეკლესია და სახელმწიფო, ზურაბიშვილის თქმით, გადაჯაჭვულია და ეკლესიის წინამძღვარზე შეტევა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და ეკლესიის აღორძინებაში, დაუშვებელია.

თუმცა ყოფილ დეკანოზს პროკურატურა არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.