სასურველი იყო პრეზიდენტს მამალაძე შეეწყალებინა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამართული პერფორმანსი დასრულებულიყო - ჯაღმაიძე

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოსთვის სასურველი იყო, პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძე შეეწყალებინა. ჯაღმაიძის აზრით, ეს მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რათა ეკლესიის წინააღმდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე „პერფორმანსი“ დასრულებულიყო.

„თითქმის სამწლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებების მიუხედავად, მამალაძის შეწყალების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის ინიციატივით მიიღო საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ – სინოდმა. სინოდის მიერ ამ გადწყვეტილების საფუძველზე შედგენილი წერილი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს, არის უმაღლესი ლეგიტიმაციის და გამოხატავს ეკლესიის ნებას.

პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება, დაასაბუთა თავისი ხედვა, თუ რატომ არ მოხვდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი მამალაძე. რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ სინოდის გადწყვეტილება ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანია და არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ადამიანური დამოკიდებულება პატიმრისადმი ისედაც გულმოწყალებას გულისხმობს, ისედაც ცხადი უნდა იყოს, რომ ჩვენთვის მისაღები და სასურველი იქნებოდა დეკანოზის გათავისუფლება. თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე ეს პერფორმანსი დამთავრდებოდა.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ დეკანოზის ამ მდგომარეობას ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა და ჩვენი აზრით, ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა და ჩვენი ხედვით, შეიძლება ითქვას, რომ მძევლადაც კი არის იმ ადამიანების ხელში, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაძიემ, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

საქართველოს პრეზიდენტმა დრეს შეწყალების აქტი გამოსცა და ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ვერ მოხვდა გიორგი მამალაძე.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და გამომდინარეობს პატრიარქისადმი როგორც მისი პირადი, ისე პრეზიდენტის დამოკიდებულებიდან. ეკლესია და სახელმწიფო ზურაბიშვილის თქმით, გადაჯაჭვულია და ეკლესიის წინამძღვარზე შეტევა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და ეკლესიის აღორძინებაში, დაუშვებელია.

თუმცა, ყოფილ დეკანოზს პროკურატურა არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.