თამამად შეგვიძლია ე.წ. „ვეტინგის“ საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ - მდინარაძე

პუბლიკა

„თამამად შეგვიძლია ე.წ. „ვეტინგის“ საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან.

კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენ საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ ეს საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისა თუ პიარკამპანიებისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისერების შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ე.წ ვეთინგს, ანუ კეთილსინდისერების შესამოწმებლად მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას მიმართეს, არიან: უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.