თამარ ბაჩალიაშვილის დედა გამოძიებას არ ენდობა და შიმშილობას აანონსებს

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ იწყებს შიმშილობას მანამ სანამ საქმის გამოძიებაში FBI არ ჩაერთვება და არ დაადასტურებს თვითმკვლელობის ვერსიას.

თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებას არ ენდობა და განცხადება, რომელიც გუშინ უწყებამ გაავრცელა, მისი ოჯახისა და ადვოკატისთვის არასარწმუნო და მიუღებელია.

„მე ვიწყებ დღეიდან შიმშილობას. მივმართავ რადიკალურ ფორმას, სანამ FBI არ ჩაერთვება და დამიდასტურებს, რომ ჩემმა შვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიჯერებ მე ამ ვერსიას.

ვესაუბრე პროგრამისტებს და მაგათ ხელშია ყველაფერი, შეიძლება თვითონ შევიდნენ და დატოვეს შთაბეჭდილება, რომ თამუნა აკეთებდა ამას. რა სისულელეა, შევიდა და ფეისბუქში შევიდა და მოძებნა, უფრო კარგად თეთრიწყაროში მოკვდებოდა? არ გიჩნდებათ კითხვები?“, – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა ოჯახის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმაც.

ადვოკატი აცხადებს, რომ შსს-ს გუშინდელი განცხადება არის „მიზანმიმართული, განაჩენი გაკეთებული და გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირი ქმედება და გამოძიება არ განხორციელდება.“

ამ მოსაზრების განსამტკიცებლად მიხეილ რამიშვილმა გაიხსენა გამოძიების მიერ გავრცელებული, თვითმკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებული ინფორმაცია ბაჩალიაშვილის ფსიქოლიგის, მედიკამენტებისა და წერილის შესახებ; ადვოკატი ამბობს, რომ FBI-სთან თანამშრომლობის მზაობა შსს-მ საზოგადოებისა და შტატების საელჩოს პოზიციის მოსმენის შემდეგ „ვითომდა“ გამოთქვა, თუმცა, რამიშვილის თქმით, ოჯახს არ აჩვენეს, რა სახის წერილით მიმართეს ამერიკის ფედრალურ ბიუროს.

„გუშინ საღამოს ორგანიზებულად დაიწყეს საზოგადოებაში იმ ინფორმაციის გავრცელება, რომ ბავშვი შედიოდა ისეთ ვებსაიტზე, სადაც ეძებდა  „მე რომ მოვკვდები“… და 17 ივლისს თურმე წამლებს ნახულობდა, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ლეპტოპი არის აბსოლუტურად გაუბედურებული, წაშლილია ყველაფერი. ამათ გადაწყვეტილი აქვთ, საქმე არ გამოიძიონ და ამყარებს ეჭვს, რომ ხელს აფარებენ ბავშვის მიერ ინფორმაციის ფლობას და მკვლელობას და იმ ჯგუფს, რომელიც ჩართულია ამაში და ამათ გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ არანაირი გამოძიება არ ჩატარდეს და არანაირი ჯგუფი არ გამოვლინდეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.