შსს თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის შედეგებს ავრცელებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობის მეთოდებზე ინტერნეტში ინფორმაციას ეძებდა.

დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“,- ნათქვამია განცხადებაში.