თამარ ბაჩალიაშვილის დედის ცნობით, საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურაში გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა.

თეონა თამაზაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს. საჭირო იქნება თუ არა გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პასუხისა და სატელიტური გამოსახულების მიღების  შემდეგ გახდება ცნობილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნა უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება, თვის ბოლოს კი უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან საქმეში, რომლებიც ექსპერტიზის მიმდინარეობასა და შედეგებს გაეცნობიან. რამიშვილის თქმით, საქმეში ცენტრი „ემპათიაც“ ჩაერთვება.

მიხეილ რამიშვილის ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების და გაჩერების დროის და ადგილის დასადგენად პროკურატურამ „საზღვარგარეთიდან სატელიტური სურათების“ გამოთხოვის საჭიროება დაინახა.

„თვის ბოლოს იქნებიან უცხოელი სპეციალისტები მოწვეული საზღვარგარეთიდან, რომლებიც ერთდროულად გაეცნობიან დასკვნებს და იქნებიან ჩართულები. იქნება კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა, რომელსაც პირადად ვატარებ „ემპათიასთან“ ერთად. რაც შეეხება კომპიუტერსა და მობილურს, ყველაფერი ისე იქნება გაკეთებული, როგორც ვითხოვდით.

აქ იქნება სამუშაო ჯგუფი ქალაქის პროკურატურაში და იქნება აბსოლუტურად ყველა ის პირობა, არა მხოლოდ საქმის გაცნობის, არამედ ყველა მოთხოვნა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საქმე დროზე გაიხსნას.

საუბარი იყო კვალიფიკაციასთან დაკავშირებითაც. ერთ-ერთი პირობა იყო სატელიტური სურათებიც იმოქმედებს ამ კვალიფიკაციაზე, იმოქმედებს სამედიცინო ექსპერტიზაც. ვერავინ შეუშლის ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

„პუბლიკას“ პროკურატურაში დაუდასტურეს, რომ პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებით დაკომპლექტდება. ასევე, პროკურატურის განცხადებით, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების მონაცემების შენახვის მოთხოვნით.