თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ამის შესახებ „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს.

ოჯახის ადვოკატის ცნობით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა მოითხოვდა, რომ  გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას არ წარემართა.

„ბატონმა ჯუმბერმა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ, საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური სამართლიანი იქნება“, – აცხადებდა ადვოკატი.


თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ტყეში იდგა, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში. მანქანა მწყემსმა იპოვა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. საქმეს დაემატა ახალი მუხლიც. როგორც  ჟურნალისტებთან ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ამის შემდეგ მას უკვე ექნება საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თუმცა გამოძიებას ახალი მუხლი დაემატა – სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.