იურისტი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დირექტორი თამარ გაბოძე აცხადებს, რომ დღეს, 30 სექტემბერს მიიღეს წერილი ანტიკორუფციული ბიუროსგან.
გაბოძე ამბობს, რომ წერილის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროში დაწყებულია წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ანტიკორუფციულ ბიურო ორგანიზაციისგან მოითხოვს 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე პერიოდში მოქმედი/დადებული ყველა საგრანტო ხელშეკრულების გაზიარებას. ასევე, მოქმედი პროექტების ფინანსურ და შინაარსობრივ ანგარიშებს.
„როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, ანტიკორუფციული ბიუროსთვის კარგად არის ცნობილი, რომ ორგანიზაცია დაარსების დღიდან დღემდე, მუშაობს ბავშვების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებზე, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ორგანიზაციის სტრატეგიული სამართალწარმოებით შეიქმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისა და ზრდასრულებისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და არის ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის უზრუნველყოფა.
დღემდე, სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად, PHR რჩება თავისი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და აგრძელებს ქალების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას.
P.S დღეს PHR-ში მუშაობის ხუთი წელი შემისრულდა. თითოეული დღე ჩემს ძვირფას გუნდთან ერთად დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვასთან”. – აცხადებს თამარ გაბოძე.
ანტიკორუფციული ბიუროდან წერილის მიღების შესახებ 22 სექტემბერს 30-მა ორგანიზაციამ განაცხადა.
მას შემდეგ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც წერენ, რომ კუპრაშვილის უწყებიდან წერილებს იღებენ. ერთ-ერთი მათგანი „მთის ამბების” დამფუძნებელი გელა მთივლიშვილიცაა.