თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდა – მას საპროცესო შეთანმება გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა. პირობების თანახმად, ლორთქიფანიძეს სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, შესაბამისად, ის საპატიმროში კიდევ 4 თვეს გაატარებს.
მხარეებს შორის შეთანხმება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დაამტკიცა.
თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 2025 წლის 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა, 25 ოქტომბრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
პროკურატურის მტკიცებით, ლორთქიფანიძემ ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო, ასევე თავს დაესხა და დააზიანა პოლიციის ავტომანქანა – ზარალმა კი 3300 ლარი შეადგინა.
ლორთქიფანიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.