პარლამენტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის არჩევას.
ბორაშვილი, რომელმაც გეკა გელაძე ჩაანაცვლა, პოსტზე 6 წლის ვადით აირჩიეს.
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე კანდიდატს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე მოუსმინეს.
ბორაშვილმა უწყების სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამსახურის მთავარი ამოცანა საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, მათი პრევენცია და აღკვეთა იქნება.
კანდიდატმა უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები დაასახელა. მისი განცხადებით, სუსი გააგრძელებს მუშაობას ოკუპაციასთან, ე.წ. ბორდერიზაციასთან, უკანონო დაკავებებსა და ანექსიისკენ მიმართულ პროცესებთან დაკავშირებით.
„საქართველოს სახელმწიფო ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან განიცდის. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტად დარჩება რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორიებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის უკანონო პროცესი“, – განაცხადა მან.
მის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს შორისაა ასევე კონტრდაზვერვის, სადაზვერვო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება. კანდიდატის თქმით, ყურადღება დაეთმობა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის გამოვლენას, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დესტაბილიზაციის მცდელობების პრევენციას.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისულების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ინტენსიური ზეწოლა ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მხრიდან. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებების მცდელობა.
შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას პროპაგანდისტული კამპანიების, ეგრეთ წოდებული რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი სხვა ქმედებების გამოვლენა-აღკვეთა და პრევენციის მიზნით.
ამასთან, საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია რჩება სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული მსხვილი აქტორების კონკურენციის ერთ-ერთ საკვანძო არეალად, მათ შორის რეგიონზე გამავალი და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების გამო.
აქედან გამომდინარე, მაღალია ზოგიერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების დაინტერესება საქართველოში მიმდინარე პროცესებით. ცალკეულ შემთხვევაში ადგილი აქვს მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის სადაზვერვო თუ ოპერატიულ ღონისძიებებს.
ჩემს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას. კონტრდაზვერვის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების საქმიანობისა და მათი პრიორიტეტების გამოვლენასთან ერთად, აქცენტი გაკეთდება მათ მიერ წარმოებულ აქტიურ ღონისძიებებზე, მათ შორის საქართველოში სეპარატიზმის, ნაციონალიზმის, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მცდელობების აღკვეთა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეარაღებული კონფლიქტების და მძიმე სოციალური-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, კონტრდაზვერვის საქმიანობის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია მიგრაციის არხების მონიტორინგი, რაც მათ შორის გულისხმობს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენას.
ამასთან უწყების ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთი ეკონომიკური და ბიზნესპროექტების გამოვლენისკენ, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს უცხო ქვეყნების ზეგავლენის ბერკეტის, ეგრეთ წოდებული რბილი ძალის მეშვეობით მთავრობაზე ზეწოლის ეფექტურ მექანიზმად.
მსოფლიოში სულ უფრო დიდი მნიშვნელობას იძენს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და იმ საინფორმაციო სისტემების დაცვა, რომელთა გამართული ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემების განვითარება და ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული როლი ენიჭება“, – განაცხადა მან.
ბორაშვილმა ისაუბრა ტერორიზმთან, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლაზეც. მისი თქმით, ამ მიმართულებებით სუსის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წარმატებას მიაღწია და დღემდე არსებული გამოწვევების მიუხედავად ლიდერია შავი ზღვის რეგიონში, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევები და რეიტინგებიც ადასტურებს. მიუხედავად ამისა, კორუფცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარებას და ეროვნულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება ამ კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ბორაშვილმა.
კანდიდატის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიონალი კადრების შენარჩუნებასა და ახალი კადრების მოზიდვას, ასევე სამსახურის ტექნიკური და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებას.
კითხვა-პასუხის ეტაპზე კომიტეტის სხდომა დაიხურა. პლენარულ სხდომაზე კი ბორაშვილის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყარეს კენჭი.
გეკა გელაძე, რომელმაც სუსის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, 14 სექტემბერს განაცხადა, კობახიძის თქმით, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2026 წლის 22 აპრილს დაინიშნა. მანამდე, 2025 წლის 28 მაისიდან იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.
გელაძემ სუსის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა, რომელმაც 2026 წლის 21 აპრილს დატოვა თანამდებობა. მდინარაძე სუსის უფროსი იყო 2025 წლის 3 სექტემბრიდან. მდინარაძემდე თანამდებობას ანრი ოხანაშვილი იკავებდა 2025 წლის 4 აპრილიდან.
სუსის უფროსის პოსტიდან წასვლის შემდეგ გელაძის წინამორბედი მამუკა მდინარაძე „სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად“ დანიშნეს, შემდეგ კი ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უნდა გამხდარიყო. ახალი პოსტის შექმნა სექტემბერში იგეგმებოდა, თანამდებობის შექმნამდე კი მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.
თუმცა 2026 წლის 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რასაც წინ უძღოდა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ციხეში ყოფნისას მას მდინარაძემ წერილი მისწერა და მისთვის წარსადგენი ახალი ბრალდების შესახებ აცნობა.