თამბაქო პირიქით, ამძიმებს კოვიდინფექციას და გთხოვთ, შევეშვათ ამაზე დისკუსიას - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თამბაქოს წინააღმდეგ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მან თამბაქოსა და კოვინდინფექციასთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც უპასუხა.

„რაც შეეხება თამბაქოსა და კოვიდს. პირველ რიგში, ორივე აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასუნთქი სისტემების ქრონიკული დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. ერთი მხრივ, თამბაქოს ერთ-ერთი მოდების წერტილი არის, ისეთი დაავადება, როგორიცაა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც დაახლოებით ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე მიაქვს.

რაც უკვე მრავალი კვლევით დადგინდა, არის, რომ თამბაქო კოვიდის მეტად უფრო დამძიმებისა და უფრო უარესი გამოსავლის პირობაა. ამიტომ ის აზრი, თითქოს მას აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი და ხრიკი, ეს არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ამის შესახებ დისკუსიას შევეშვათ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – თამბაქო პირიქით, ამძიმებს კოვიდინფექციას. ეს ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულება“, – ამბობს ამირან გამყრელიძემ.