დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადებით, თამბაქოს კომპანიებისა და მათი წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა ქვეყანაში არსებული კრიზისული პერიოდით სარგებლობისა და მათი მხრიდან სპონსორობისა და რეკლამირების უკანონო ფაქტები.
„საქართველოს კანონმდებლობით არცერთ ლეგალურ ბიზნესს არ ეკრძალება ქველმოქმედება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თამბაქოს ინდუსტრია წარმოადგენს ისეთ ბიზნესს, რომლის საქმიანობა ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან შეუთავსებელია, მათ მიერ გაკეთებული შემოწირულობები, რათა არ მიეცეს რეკლამირებისა და სპონსორობის სახე, მკაცრად რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით (საქართველოს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ, საქართველოს კანონი მაუწყებლის შესახებ).
სამწუხაროდ, დაფიქსირდა თამბაქოს კომპანიებისა და მათი წარმომადგენლების მხრიდან ქვეყანაში არსებული კრიზისული პერიოდით სარგებლობისა და მათი მხრიდან სპონსორობისა და რეკლამირების უკანონო ფაქტები“, – წერია NCDC- ის გავრცელებულ განცხადებაში.
NCDC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თამბაქოს ინდუსტრია მისი საქმიანობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მიზნებთან სრულად შეუთავსებელია, მიუღებელია ამ ინდუსტრიასთან რაიმე სახით თანამშრომლობა და/ან კომუნიკაცია.
„მოვუწოდებთ თამბაქოს კომპანიებს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ნუ დაარღვევენ კანონს!
- საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით დაახლოებით 11 000 ადამიანი იღუპება.
- საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული მთლიანი ყოველწლიური ეკონომიკური ტვირთი დაახლოებით 825 მილიონ ლარს უტოლდება (მშპ 2.43%).
- თამბაქოს მომხმარებლებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მაღალია დაავადების მძიმე ფორმით განვითარების რისკი“, – წერია განცხადებაში.