თამთა თოდაძის სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის გავრცელების გამო მარიამ კუბლაშვილი დააჯარიმეს

პუბლიკა
content image

სექსუალური ხასიათის ქმედებაში და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძესთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაციის გავრცელების გამო 1000 ლარით დაჯარიმდა.

დაზარალებულ თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირ „საფარის“ იურისტი თამუნა ლუკავა იცავს. სწორედ „საფარმა“ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა პერსონალური ინფორმაციის გავრცელების გამო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მოქალაქის მომართვის საფუძველზე ინსპექტორმა შეისწავლა განმცხადებლის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობის ფაქტის გასაჯაროების კანონიერება.

„საქმის განხილვისას გაირკვა, რომ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერში გასაჯაროვდა განმცხადებელთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაცია. საქმის შესწავლისას, ადვოკატმა ვერ დაასაბუთა სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება და კანონიერება. ასევე, არ დადასტურდა აღნიშნულ მომენტამდე თავად განმცხადებლის მხრიდან იგივე ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტი. შესაბამისად, ადვოკატს დაეკისრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, “- ამბობენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

საქალაქო სასამართლოში თამთა თოდაძის საქმის აარსებითი განხილვა, ხვალ, 25 დეკემბერს იწყება.


თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თამთა თოდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და მას შემდეგ, რაც უთხრა ჯიშკარიანს, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს.

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი).

ბრალდებულ ილია ჯიშკარიან აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა.