სექსუალურ ქმედებაში ბრალდებული დეპუტატის 22 მტკიცებულება სასამართლომ დაუშვებლად ცნო

პუბლიკა

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული თბილისის საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის დაცვის მხარის 22 მტკიცებულება სასამართლომ დაუშვებლად ცნო, – თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო პროცესი გაიმართა.

„პუბლიკასთან” საუბრისას დაზარალებულ თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა ამბობს, რომ სასამართლომ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის მოტივაციად მისი კანონის არსებითი დარღევევით მოპოვება დაასახელა.

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 25 დეკემბერს ჩაინიშნა.


თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თამთა თოდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და მას შემდეგ, რაც უთხრა ჯიშკარიანს, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს.

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი).

ბრალდებულ ილია ჯიშკარიან აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა.