თანამშრომლების ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამსახურის აღდგენის მოთხოვნით ჩივის

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ნაწილი სასამართლოში ჩივის და სამსახურში აღდგენას მოითხოვს. უფრო კონკრეტულად კი, სასამართლოში ჩივის 4 პირი, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ადმინისტრაციიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი თეო ზაქარაშვილი იცავს.

როგორც მან „პუბლიკას“ განუმარტა, აღნიშნული ოთხი საქმიდან, ერთი საქმე პირველ ინსტანციაში უკვე მოიგეს და საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა. ორი საქმე პირველ ინსტანციაში წააგეს – ერთ-ერთი მათგანი ზემდგომ ინსტანციაში საჩივრდება, მეორემ კი დავის გაგრძელება აღარ ისურვა.

„საქმეზე, რომელიც მოვიგეთ, შტატი არ იყო გაუქმებული, რეორგანიზაცია კი მხოლოდ მაშინ იწვევს თანამშრომლის გათავისუფლებას, თუ შტატი გაუქმებულია. დანარჩენი ორის შემთხვევაში სადაოა, ვინ უნდა დარჩენილიყო შემცირებულ შტატზე – განმარტავს იურისტი.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გიორგი მარგველაშვილის პერიოდში გათავისუფლებული კიდევ ერთი პირის საქმეზე მუშაობს. როგორც იურისტი განმარტავს, ამ საქმეზე ორი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ მიიღო. ამჟამად საქმეს უზენაეს სასამართლოში განიხილავენ.

LB loan image desktop LB loan image mobile