თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?! - კალაძე ერიკა ოლსონზე

პუბლიკა

„თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?!“ – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის კომენტარს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

„ვინ არის, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს?.. თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?! თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო…

არ ვიცი, საერთოდ რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ“, – განაცხადა კალაძემ.


საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა გარკვეულ დემოკრატიულ პროცესებს, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით, რაც მათ აწუხებთ.

ამის შესახებ ოლსონმა ჟურნალ Foreign Policy-სა და „ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ დემოკრატიულ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს, ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ოლსონმა.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ ნოემბერში საქართველოში ვიზიტმა მას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველ ხალხსა და ამერიკას შორის მტკიცე მეგობრობის შესახებ, თუმცა ასევე წარმოაჩინა დემოკრატიული საქმიანობის გაგრძელების საჭიროება, რაშიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმები და კანონის უზენაესობა შედის.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობას და საჭიროების შემთხვევაში, მძიმე გზავნილებიც ექნება.