ტანკების გადაცემაზე ვერ შევჯერდით, მაგრამ თუ კონსესუსი იქნება, მზად ვართ, სწრაფად ვიმოქმედოთ - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

პუბლიკა

გერმანიაში ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მოკავშირეები ჯერჯერობით ვერ შეჯერდნენ უკრაინისთვის გერმანული, Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე.

„არის მნიშვნელოვანი არგუმენტები გადაცემის სასარგებლოდ და ასევე მის წინააღმდეგ. ომში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს, ძალიან ფრთხილად უნდა ავწონ-დავწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ მოსაზრებას იზიარებს ბევრი ჩვენი მოკავშირე“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

თუმცა პისტორიუსის თქმით, მან მინისტრად დანიშვნისთანავე დაავალა შესაბამის სტრუქტურებს, რომ შეამოწმონ მათ რეზერვებში არსებული ტანკების მდგომარეობა, რათა პოზიტიური გადაწყვეტილების შემთხვევაში სწრაფად იმოქმედონ.

ასევე გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, მათ არ განუხილავთ სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადაცემაზე ავტორიზაციის გადაცემის საკითხი. პისტორიუსი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღებს. Leopard 2-ის ტიპის ტანკები ევროპის არაერთ ქვეყანას აქვს შეიარაღებაში. პოლონეთმა უკვე გამოთქვა მზაობა, რომ უკრაინას 14 ტანკი გადასცეს, მაგრამ ამისთვის გერმანიის ნებართვაა საჭირო.

ბორის პისტორიუსმა შეხვედრის შემდეგ თქვა ისიც, რომ უკრაინა მომდევნო კვირებში მიიღებს IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთ ბატარეას, Gepard-ის 7 ცალ საზენიტო ქვემეხს და Marder-ის ტიპის 40 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას.


ე.წ. რამშტაინის ფორმატში ათობით ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა შეხვედრამდე დასავლეთის ქვეყნების ნაწილმა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების შესახებ დააანონსა.

ბოლო დღეებში გამოცხადებული დახმარებების მიხედვით, უკრაინა მიიღებს მოწინავე ბრიტანულ ტანკებს, ამერიკულ, გერმანულ და შვედურ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, ჰაუბიცებსა და სხვა ტიპის შეიარაღებას.