„თაობა დაიღუპა“ - ბერგამოში კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვა უჭირთ

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ოთხშაბათს სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში კი ვირუსთან ბრძოლასთან ერთად თანმდევ პრობლემებს აწყდებიან. გთავაზობთ The Guardian-ის სტატიას ბერგამოზე, სადაც ახლობლები კორონავირუსით დაღუპულებთან გამოთხოვებას ვერ ახერხებენ, დამკრძალავი ბიუროები კი რიგს ვეღარ აუდიან.


ეკლესიებში კუბოების გრძელი რიგი დგას, დამარხვას ელიან. მათი გვამები, ვინც სახლში კვდება, დღეების განმავლობაში ოთახებში ასვენია. ბერგამოში, იტალიის პროვინციაში, რომელზეც კორონავირუსმა ყველაზე მძიმედ იმოქმედა, დამკრძალავი ბიუროები საქმეს ვეღარ აუდიან.

ოთხშაბათის მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. მათმა დაკრძალვამ თუ კრემაციამ ცერემონიალის გარეშე ჩაიარა. საავადმყოფოებში ხალხი მარტოსულად კვდება, მათთან არავინაა, ჩანთებში ჩაწყობილი ნივთები კი კუბოების გვერდით ალაგია.

ბერგამო ლომბარდიის 1.2-მილიონიანი პროვინციაა. მთლიანად ლომბარდიაში კორონავირუსით 1700-მდე ადამიანი დაიღუპა, სამშაბათის მონაცემებით 4000-მდე ინფიცირებული იყო. უცნობია, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უშუალოდ ბერგამოში, მაგრამ პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამკრძალავი ბიუროს დირექტორი ამბობს, რომ 1 მარტიდან მოყოლებული 600-მდე ადამიანი დაკრძალეს.

„ჩვეულებრივ, ყოველთვიურად დაახლოებით 120 ადამიანია ხოლმე“, – ამბობს ანტონიო რიკიარდი, კომპანიის პრეზიდენტი. „სულ რაღაც ორ კვირაში მთელი თაობა დაიღუპა. ასეთი რამ არასდროს გვინახავს და ცრემლებს მგვრის“, – დასძენს ანტონიო.

ბერგამოში კი 80-მდე დამკრძალავი კომპანიაა. თითოეულ მათგანში ყოველ საათში ათობით ზარი შედის. კუბოების მარაგიც კი იწურება, კომპანიები „მოთხოვნას“ ვერ აუდიან. მათთან „გარდაცვლილთა რიგი“ დგას. კიდევ უარესი, ვირუსი თავად მათ თანამშრომლებშიც ვრცელდება.

საავადმყოფოებმა კუბოში გარდაცვლილთა ჩასვენების წესიც გაამკაცრეს. ახლა აღარ აცმევენ ძველებურად, რადგან მათ სხეულთან შეხება ვირუსის გადადების რისკს ზრდის.

„ოჯახები ვეღარ ნახულობენ საყვარელი ადამიანების სახეებს, არ შეუძლიათ მათი წესისამებრ დაკრძალვა. ეს დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაა მათთვის“, – ამბობს რიკიარდი. „მაგრამ ჩვენი ბევრი თანამშრომელიც ავადაა, ხალხი აღარ გვყავს გარდაცვლილთა მოსაწესრიგებლად“, – წუხს ის.

უფრო რთულადაა საქმე მათთვის, ვინც სახლებში კვდება. კანონმდებლობით, გარდაცვალების მოწმობის მისაღებად ორი ექიმია საჭირო. ერთ-ერთმა მათგანმა მოწმობა გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 30 საათში უნდა გასცეს. „ასე რომ, უნდა ელოდო, როდის მოვა ორივე ექიმი, რათა მოწმობა აიღო. არადა, მათი უმეტესობაც უკვე ინფიცირებულია“, – ამბობს ანტონიო რიკიარდი.

სტელა, მასწავლებელი ბერგამოდან, The Guardian-ს ასეთ ისტორიას უყვება. „გუშინ 88 წლის კაცი გარდაიცვალა. სიცხე ჰქონდა რამდენიმე დღის განმავლობაში და სასწრაფო დახმარებას ვერც გამოვუძახეთ, ხაზი სულ დაკავებულია. არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო.

ის გარდაიცვალა თავის ოთახში და ექიმები ერთ საათში მოვიდნენ. ხოლო რადგან თავისუფალი კუბოს გამონახვა ვერ მოხერხდა, მათ მოხუცის ცხედარი ოთახში ჩაკეტეს და ახლობლებს შიგნით შესვლა აუკრძალეს, სანამ კუბოს არ მოიძიებდნენ“, – იხსენებს სტელა.

გარდაცვლილთა ოჯახების ტრავმაზე The Guardian-თან საუბრობს ალესანდროც, ვისი 74 წლის ბიძაც კორონავირუსით გარდაიცვალა კოდონიოში, ლომბარდიის ქალაქში, სადაც ვირუსული აფეთქება დაიწყო.

„როგორც წესი, აქ მიცვალებულს ცერემონიალურ ტანსაცმელს აცმევენ და კუბოს ერთი ღამით ოჯახებში ტოვებენ. ახლა კი ეს ყველაფერი შეიცვალა. შენ დამშვიდობებაც კი აღარ შეგიძლია და ეს ყველასთვის დამანგრეველია“, – ამბობს ალესანდრო.

ცერემონიალები იტალიაში ოფიციალურადაც აიკრძალა. მთავრობა მასობრივ თავშეყრის ღონისძიებებს, მათ შორის, ქორწილსა და დაკრძალვას ზღუდავს. ორი მღვდელი დააჯარიმეს კიდეც, რომლებმაც დაკრძალვის ცერემონიალი ჩაატარეს.

ბერგამოს შემზარავი სიკვდილის ქრონიკა კი ადგილობრივი გაზეთის L’Eco di Bergamo-ს ნეკროლოგების განყოფილებაშიც თვალსაჩინოა. 9 თებერვალს ნეკროლოგი ერთ გვერდს თუ იკავებდა, 13 მარტს კი გაზეთს მისთვის 10 გვერდის გამოყოფა დასჭირდა. ინტერნეტში კი ეკლესიაში რიგში მომლოდინე კუბოების ვიდეოები ვრცელდება.

სიტუაცია იტალიის სხვა რეგიონებშიც მძიმეა. სულ უფრო მატულობს შემთხვევები, რომ დამკრძალავი ბიუროები უარს ამბობენ ახალი გარდაცვლილის „მიღებაზე“, მათ დაკრძალვის რესურსი აღარ აქვთ. ვირუსი ვრცელდება მათ თანამშრომლებში, ექიმებში, ოჯახები კი არათუ ნორმალურ გამოთხოვებას, ახლობელთა დაკრძალვასაც ძლივს ახერხებენ.